წიქარიშვილი: მქონდა განცდა, რომ ვესროლე არა სასამართლოს ფანჯარას, არამედ უსამართლობის კერას

“მე არ მქონია განცდა, რომ ვესროლე სასამართლოს ფანჯარას”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა 24 იანვარს სასამართლოში, სადაც მის მიმართ წაყენებული ადმინისტრაცული  სამართალდარღვევის საქმის განხილვა  უნდა დაიწყოს.

პოლიციამ წიქარიშვილი მას შემდეგ დააკავა, რაც აქტივისტმა მოსამართლის მიერ “ბახალას” საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობას პროტესტის ნიშნად აგური ესროლა.

“ჩემი გუშინდელი ქმედება იყო გამოწვეული ძალიან კონკრეტული პროტესტით, აღელვებით და იმ გადაწყვეტილებით, რომელიც “ბახალას” მიმართ გამოიტანა სასამართლომ, ამ უსამართლო გადაწყვეტილებით. სიმართლე გითხრათ, მე არ მქონია განცდა, რომ ვესროლე სასამართლოს ფანჯარას, მე მქონდა განცდა, რომ ვესროლე უსამართლობის კერას, სადაც ადამიანები იკვებებიან სხვა ადამიანების გაწამებით,”- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წიქარიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევის ბრალდებით  დააკავეს.  ამავე უწყების ცნობითვე, გამოძიება დაწყებულია ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 187 -ე, ნივთის დაზიანების და განადგურების მუხლით.

“ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს მე ვაღიარებ, უბრალოდ, არასამართლიანი მგონია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მიმდინარეობს იმავე ქმედებაზე. იმედი მაქვს, ეს სისხლის სამართლის საქმე დასრულდება, ან შეწყდება,”- ამბობს წიქარიშვილი.

მოკლედ