“მე-9 არხის” გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანია “მე-9 არხის” შესყიდვის მიზნით სააქციო საზოგადოების შექმნას გეგმავს.
„სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარის, ია ანთაძის ინფორმაციით, უკვე იწერება სათანადო მიმართვა ბიძინა ივანიშვილის სახელზე, რომელიც ჯგუფში განთავსდება. „ნეტგაზეთი“ ამ ინიცატივაზე ია ანთაძეს ესაუბრა:
– ეს ინიციატივა ეკუთვნის ვასილ მაღლაფერიძეს, ამწუთას ჯგუფში 3 ათასზე მეტი ადამიანი არის გაწევრიანებული, თუმცა ჯგუფი შეიქმნა გუშინ გვიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის არა ერთი, არამედ ათასობით ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ თავისი შემოსავლის გარკვეული ნაწილი გაიღოს იმაში, რომ საქართველოს ჰქონდეს ნამდვილად საზოგადოებრივი და თავისუფალი ტელევიზია. მე მგონია, რომ ეს არის არაჩვეულებრივი სამოქალაქო ინიციატივა. ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რომ მიუხედავად შედეგისა, ადამინებმა გამოხატეს ასეთი სამოქალაქო აქტიურობა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაგრძელდება, ვთქვათ, ამ მიმართულებით ჩვენი ქმედება, ახლა იწერება ბატონი პრემიერის სახელზე მიმართვა. ეს წერილი დაიდება ჯგუფში და მივალთ კონსენსუსამდე მის ტექსტთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ალბათ შევეცდებით, რომ რაღაცნაირად დაიწყოს საინიციატივო ჯგუფის გამოკვეთა და ამ ჯგუფმა დაიწყოს მოლაპარაკება პრემიერთან იმის თაობაზე, ვთქვათ, რა პირობები შეიძლება იყოს ხელსაყრელი მისთვის და ზოგადად რამდენად მისაღებია ეს ინიციატივა.
–ამ დრომდე ოფიციალურად არ არის ცნობილი ტელევიზიის საბაზრო ფასი. რამდენად რეალურად გესახებათ, რომ ამ ჯგუფმა შეძლოს თანხის შეგროვება და ტელევიზია იყიდოს?
–პროექტი მზად არ არის. ვფიქრობთ ფორმებზე. თუმცა ერთს გეტყვით, რომ საბაზრო ღირებულების შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა ქალბატონმა ლუბა ელიაშვილმა. ეს არის 47 მილიონი ლარი. თუ საუბარია მესამედ ფასზე, ჯამურად გამოდის 9 მილიონი დოლარი. ასევე ეჭვი არავის არ გვეპარება, რომ ეს განცხადება, რომელიც გაავრცელა პრემიერ–მინისტრმა, არანაირად არ გულისხმობდა ტელევიზიის გაყიდვას კომერციულად მომგებიანი პირობებით. პირიქით, ის აზრი, რომ ტელევიზია მესამედ ფასშიც რომ გაყიდულიყო, თავად ნიშნავდა იმას, რომ გაიყიდებოდა მესამედ ფასში იმ შემთხვევაში, თუკი იქნებოდა შესაბამისი მყიდველი. ანუ იქნებოდა მყიდველი, რომელიც შეუნარჩუნებდა ტელევიზიას თავის შინაარსს და გადაარჩენდა ჟურნალისტებს უმუშევრობისგან, რომლებიც დღეს იქ არიან დასაქმებულები. ასე რომ, ფაქტობრივად, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა დაინტერესებულია რაც შეიძლება კარგ ფასად გაყიდოს ტელევიზია. ამიტომ ახლა ის მესამედიც, რაც მან ბრძანა, იყო გარკვეულად სიმბოლური ნათქვამი. ასე რომ, ჯერ კიდევ წუხელ დასახელდა მესამედი ფასი 7 მილიონი დოლარი. ეს თანხა შეიძლება ამ სააქციო საზოგადოებამ 10- წლიანი განვადებით გადაიხადოს ტელევიზაში. ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა კიდევ რაღაც მოგება ან ზარალი არ ნახოს ამ ტელევიზიით, არამედ საუბარია იმაზე, რომ ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეუწყობს თუ არა ხელს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. თუ პრემიერი ნამდვილად არის მონდომებული, რომ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში გაძლიერდეს, რაშიც მე პირადად ეჭვი არ მეპარება, მაშინ ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა თქვას მან უარი ამ სააქციო საზოგადოებასთან მოლაპარაკებაზე.
–რამდენად რეალურია თქვენი გათვლა, რომ 10 დღეში 7 ან თუნდაც 9 მილიონი დოლარის შეგროვებას შეძლებთ. ლუბა ელიაშვილმა განაცხადა რომ დაინტერესებული პირები არიან.
–გამყიდველისთვის შეიძლება უფრო ადვილი იყოს, ერთ ადამიანს მისცეს ქონება და მისგან მიიღოს თანხა, მაგრამ მეორე არის, რომ როცა დაინტერესებული ხარ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით, გადადგა ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ნამდვილად და უეჭველად ქვეყანას, რომ მყარად დადგეს ფეხზე. მე ასეთი პრეცედენტი არც კი ვიცი სადმე სხვა ქვეყანაში, სადაც ათასობით ადამიანმა იყიდა სხვა ტელევიზია, მაგრამ ნებისმერ შემთხვევაში ეს იქნება უდიდესი ნაბიჯი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. როდესაც ადამინები, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ, შეიკვრებიან ერთი იდეის ირგვლივ და მიიყვანენ ამ იდეს განხორციელებამდე, რაგინდ ძნელი არ უნდა იყოს ტექნიკურად ეს ამბავი.
– ტელევიზიამ რომ იარსებოს, დამატებითი ფულის მოზიდვაა საჭირო. ვგულისხმობ მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შენახვას და დაქირავებულთათვის ხელფასის გადახდას. ამ თანხას რა რესურსით მოიზიდავთ?
– პროექტის ეს დეტალები მზად არ არის, თუმცა, მე რომ ვიყო პრემიერის ადგილას, რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებდი იმ ჯგუფს, რომლის ხელშიც ტელევიზიის გადასვლა აბსოლიტურ გარანტიას მომცემდა, რომ ეს იქნებოდა ნამდვილად თავისუფალი ტელევიზია და მერე მეორეც კიდევ, ეს ქვეყანას ხელს შეუწყობდა, რომ მას ჰყოლოდა ძალიან მოტივირებული და მიზანმიმართული ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ რომელიმე კონკრეტულ მყიდველს ბიძინა ივანიშვილი ამჯობინებს ამ სააქციო საზოგადებასთან ურთიერთობას. მაგრამ, სინამდვილეში, რამდენად აქვს სურვილი, რომ ეს ტელევიზია გაიყიდოს, არ ვიცი. რადგან თუკი ნამდვილად უნდოდა, რომ ეს ტელევიზია გაყიდულიყო, შეეძლო კიდევ უფრო ღია წესით ჩაეტარებინა ეს მცდელობები ჯერ კიდევ თვეების წინ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ისეთი შემჭიდროვებული ვადებია, რომ პროცესი დიდხანს ვერ გაიწელება და ვნახოთ, რა იქნება. შანსები არის, გარანტია არ არის, უნდა ვიბრძოლოთ. შეთანხმებულად უნდა ვიმოქმედოთ სრულაიდ უცხო ადამიანებმა. მიმართვა დღის ბოლომდე იქნება მზად. ვასიკო მაღლაფერიძე წერს. მეც ჩავხედავ და დანარჩენებიც დღის ბოლომდე მოგვაწვდიან თავის იდეებს.
