ახალი ამბები

პროკურორი მოკლული და გაუჩინარებული გოგონების საქმეებს შორის კავშირს გამორიცხავს

20 აგვისტო, 2013 • 1637
პროკურორი მოკლული და გაუჩინარებული გოგონების საქმეებს შორის კავშირს გამორიცხავს

„ტურისტული სეზონი იყო და საქმე ამიტომ გახსნეს სასწრაფო წესით; შეიძლება მკვლელი სულაც არ არის ის ირანელი და ნამდვილი მკვლელი ახლაც თავისუფლად სეირნობს; ეტყობა, ვიღაც მანიაკია და პატარა გოგოებს დასდევს; უცხოელი სპეციალურად თქვეს, იტყვიან იმას ჩვენ როგორ დავაკავებთო; რანაირად შეიძლება დღისით-მზისით გოგო სოფლიდან გაქრეს“. – კიდევ უამრავი ვერსია განიხილება ამ ორ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის ისეთები, რომლებიც რელიგიურ სიძულვილს ახალისებს.  მკვლელობა-გაუჩინარებასთან დაკავშირებულ ვერსიებს ყოველდღიურად გაიგონებ ნებისმიერი თავშეყრის ადგილზე ბათუმში. ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები არცთუ იშვიათად უკავშირებენ ორ გოგოს საქმეს ერთმანეთს.

 

 

მარიამ კოჩალიძის მკვლელობის საქმის ზედამხედველი პროკურორი რამაზ შავაძე ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოსაზრებას ასე პასუხობს: „ვერანაირ კავშირს და ბმას მარიამ კოჩალიძისა და დიასამიძის საქმეებს შორის ვერ ვხედავ… ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით, რის შემდეგაც კოჩალიძის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. ექსპერტიზაზე გაგზავნილი გვაქვს ყველა ის ნივთიერი მტკიცებულება, რაც საქმეში არსებობს.

ასევე სამართლებრივ დახმარებაზე მოთხოვნა გაგზავნილი გვაქვს  ირანის შესაბამის სამსახურთან. მათგან პასუხს ველოდებით“.

 

 

მარიამ კოჩალიძის მკვლელობის საქმის ზედამხედველი პროკურორი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა ნამდვილად ირანის მოქალაქემ, მოჰამადამინ როოინთანიანმა ჩაიდინა და პროკურატურა სათანადო მტკიცებულებებს სასამართლოს მალე წარუდგენს.

 

 

სამართალდამცავები ისევ არ ახმაურებენ, ჰქონდა თუ არა მოკლულ კოჩალიძეს ბრალდებულთან ნაცნობობა. არის თუ არა სიმართლე, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა მოკლული ინტერნეტით გაიცნო, წერია თუ არა რაიმე მოჰამადამინ როოინთანის შესახებ გარდაცვლილის უბის წიგნაკში, რომელიც გამოძიებამ მკვლელობის ადგილიდან ამოიღო. ჰქონდა თუ არა მარიამს მკვლელობაში ბრალდებულთან სატელეფონო კავშირი –  ეს არის კითხვები, რაზეც პასუხი საზოგადოებამ ასევე დღემდე არ იცის.  

 

 

სამართალდამცავებს მიაჩნიათ, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს ერთი მიზეზით იკავებენ  – გამოძიების ინტერესები დაზარალდება.

 

 

მარიამ კოჩალიძის მკვლელობის საქმის ზედამხედველი პროკურორი ამბობს, რომ სასამართლოში ისინი სათანადო მტკიცებულებებით წარდგებიან, რითაც დადასტურდება, რომ მკვლელი ნამდვილად ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინთანია.

 

 

შს სამინისტროს განცხადებით, მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულს ინტერპოლი ეძებს.

 

 

მარიამის მკვლელისგან განსხვავებით, დარეჯან დიასამიძეს მხოლოდ რეგიონის პოლიცია ეძებს. მისი გაუჩინარებიდან 13 დღე გავიდა, მაგრამ გოგონა ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც ცოცხალი.

 

დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძის ოჯახს 18 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილი ეწვია.
დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძის ოჯახს 18 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილი ეწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი