ომბუდსმენმა გამოძიებას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ოჯახთან შუამავლობა შესთავაზა

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დღეს, 16 იანვარს, დუისში ჩავიდა, სადაც სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ლომჯარიამ ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთა. მისი თქმით, ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ გამოძიებამ თემირლან მაჩალიკაშვილის  დანაშაულის დამამტკიცებელი მასალა წარმოადგინოს:

“ისინი აღიარებენ, რომ მათი შვილი იცნობდა აღნიშნულ პირებს, თუმცა მათ არ სჯერათ, რომ ის იყო ჩართული, ან ხელს უწყობდა ტერორისტების საქმიანობას საქართველოში.  ამიტომ მათი მოთხოვნა არის, რომ გამოძიებამ წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი მასალა, რაც დაადასტურებს მათი შვილის დანაშაულებრივ ქმედებას. გარდა ამისა, აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის დროს შვილს არ ჰქონდა ხელყუმბარა ხელში”,  – განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ომბუდსმენი აცხადებს, საგამოძიებო ორგანოებს უფრო მჭიდრო კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს ოჯახთან, რაშიც სახალხო დამცველი მათ დაეხმარება და გარკვეული შუამავალი იქნება.

“ბუნებრივია, რომ საქმის ყველა დეტალი შეიძლება არ გახდეს საჯარო, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ გამოძიებამ უფრო მეტად უნდა ითანამშრომლოს ოჯახთან.

სახალხო დამცველი სთავაზობს გამოძიებას, რომ ჩვენ ვიყოთ ის სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ თავად ოჯახთან კომუნიკაციას” – განმარტა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენმა დღეს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან. შეხვედრები ასევე დაგეგმილია  უხუცესთა საბჭოსთანაც.

                                                         

მოვლენათა ქრონოლოგია