“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ვებ-გვერდზე ზვიად რატიანის შესახებ ვიდეო კვლავ ხელმისაწვდომია

“საზოგადოებრივი მაუწყებლის”  სტრატეგიული სამსახურის უფროსი ია ანთაძე ამბობს, რომ მისი პასუხისმგებლობის მიღმაა, წაიშლება თუ არა არხის ვებ-გვერდიდან პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებული ვიდეო.

“აი, ეგ კითხვა დაუსვით ბორდს, ბორდმა უნდა გასცეს ამაზე პასუხი. მე არ შემიძლია ამაზე გიპასუხოთ იმიტომ, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობების მიღმაა, ხომ გესმით?!”- ამბობს ანთაძე.

2017 წლის 27 დეკემბერს 18:00-საათიან მოამბეში გავიდა სიუჟეტი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში  პოეტ ზვიად რატიანის ადმინისტრაციული საქმის განხილვას ეხებოდა. სიუჟეტში გამოიყენეს  პოლიციის შენობაში გადაღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ისმის ინფორმაცია რატიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. აგრეთვე, გამოქვეყნდა მეორე ჩანაწერიც.  ჩანაწერებში იგი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება და პოლიციის წარმომადგენლების მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებს, რაც რატიანისვე განმარტებით,  პოლიციის წარმომადგენლების მიერ მის მიმართ არასათანადო მოპყრობით იყო გამოწვეული.

რატიანმა “საზოგადოებრივ მაუწყებელს” თვითრეგულირების ორგანოშიც უჩივლა და მასალის წაშლა მოითხოვა, რომელიც დღემდე ხელმისაწვდომმია არხის ვებ-გვერდზე:

ია ანთაძეს ასევე ვკითხეთ მისი მოსაზრების შესახებ, უნდა გამოექვეყნებინა თუ არა “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ზვიად რატიანთან დაკავშირებული ჩანაწერი და რას გულისხმობს ის პასუხისმგებლობა, რომელიც არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ აიღო ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით:

“საქმე ისაა, რომ ძალიან უხერხული იქნება, რომ ამ თემაზე მეტი კონკრეტიკით დავიწყო ლაპარაკი იმიტომ, რომ მთლიანი ჩვენი გუნდის პასუხი არის ასეთი, რომ გენერალური დირექტორი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც ნიშნავს, რომ მის ქვევით ვინც ვართ ჩვენ ყველა, ჩვენს პასუხისმგებლობებზე ამჯერად ლაპარაკი აღარ არის. რაც შეეხება დირექტორის უშუალო პასუხისმგებლობას, ეს არის ბორდის და დირექტორის განსახილველი საკითხი და წყდება მათ შორის ურთიერთობაში. თუ ბორდი ჩათვლის, რომ ეს იყო ისეთი გადაცდომა და შეცდომა, რომ იმსახურებს ამ ტიპი რეაქციას, ექნება ეს რეაქცია. თუ ჩათვლის, რომ იყო შეცდომა, ექნება ისეთი რეაქცია, რაც ეკუთვნის შეცდომას. მეტი რა გითხრათ? არ ვკონკრეტდებით ამ თემაზე, რაც ვასილ მაღლაფერიძემ ბორდთან განაცხადა, რომ ეს არის მისი პირადი პასუხისმგებლობის თემა”, –  განაცხადა ანთაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.