ავსტრიის სამინისტრომ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვა

თემირლან მაჩალიკაშვილის ავსტრიაში გადაყვანას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაეთანხმა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურმა აცნობა.

“ტერორიზმში ეჭვმიტალის შემოსვლაზე ქვეყანაში შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს თანხმობა არ გაიცა შიდა უშიშროების საფრთხის საფუძველზე”, – ასე უპასუხა სამინისტრომ “ნეტგაზეთის” კითხვას, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს ერთ-ერთი ავსტრიული ტაბლოიდის მიერ 11 იანვარს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაჩალიკაშვილი ქვეყანაში სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე არ გადაიყვანეს.

“ნეტგაზეთმა” უწყებას ასევე ჰკითხა, კონკრტულად რა სახის საფრთხეზე იყო საუბარი და თუ შედგა კომუნკაცია ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის აღნიშნულთან დაკავშირებით, რაზეც სამინისტროს პრესსამსახურში არ უპასუხიათ.

გამოცემა “Kronen Zeitung”-მა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰერბერტ კიკლის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელშიც მაჩალიკაშვილის ავსტრიაში გადაყვანის თანმდევ საფრთხეებზე საუბრობდა.

“ჩვენთვის ძალიან სარისკო იყო “ISIS”-ის ტერორისტობაში ეჭვმიტანილის ავსტრიაში შემოშვება. მისი მკურნალობა ვენაში დიდი საფრთხე იქნებოდა შიდა უსაფრთხოებისთვის”, – აღნიშნა მინისტრმა

პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. მანამდე მის მკურნალობაზე თანხმობა ერთ-ერთმა ავსტრიულმა კლინიკამ გამოთქვა, თუმცა შემდგომ გადაწყვეტილება შეცვალა.

თეირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. მას, ისევე როგორც სხვა დაკავებულებს, ბრალი ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში ედებოდა.

მოვლენათა ქრონოლოგია