224 თანამდებობის პირი დააჯარიმეს – ვინ [ვერ/არ] ავსებს დეკლარაციას სწორად

287 თანამდებობის პირიდან  78% ქონებრივ დეკლარაციას სრულყოფილად ვერ ავსებს – ეს შედეგი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მომზადებულმა მონიტორინგმა აჩვენა. ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას გამოვლენილი დარღვევბის გამო, 7 დეკლარაცია სამართალდამცავ უწყებებს გაეგზავნა.

საჯარო სამსახურის ბიურობ მონიტორინგის ფარგლებში  სულ 287 ქონებრივი დეკლარაცია შემოწმდა. 284 დეკლარაცია შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა, ხოლო 3- წერილობითი მიმართვის საფუძველზე. შემოწმდა როგორც პარლამენტარების, მთავრობის წევრების, მოსამართლეების, ისე სხვა თანამდებობის პირების დეკლარაციები.

შედეგებმა აჩვენა, რომ თანამდებობის პირთა უმრავლესობა ქონებრივ დეკლარაციას სათანადოდ ვერ ავსებს. საჯარო სამსახურის ბიურომ 224 შევსებული დეკლარაცია უარყოფითად შეაფასა, 56 კი- დადებითად. ეს ნიშნავს, რომ შემოწმებული დეკლარაციების 78% შეფასდა უარყოფითად და მხოლოდ 20 % დადებითად.

სანქციები, რომლებიც თანამდებობის პირების მიმართ გამოიყენეს

ქონებრივი დეკლარაციების არასწორად და არასათანადოდ შევსების გამო თანამდებობის პირების უმეტესობა დაჯარიმდა. საბოლოო ჯამში, 1 000 ლარით დაჯარიმდა 224 თანამდებობის პირი, მათ შორის- 12 პარლამენტარი, 6 მოსამართლე და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან 79 თანამდებობის პირი. დაჯარიმებულ პირებს შორისაა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, რომელსაც ფართო საზოგადოება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმით იცნობს.

ლევან იზორიამ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა საბანკო ანგარიშების ნაწილი, ასევე, უძრავი ქონების დამხმარე ფართები.

“წლების განმავლობაში არ სარგებლობდა და ეს ანგარიშები იყო პრაქტიკულად განულებული, ხოლო მეორე უზუსტობა მდგომარეობდა იმაში, რომ უძრავი ქონების გვერდზე, სადაც მითითებული იყო დეკლარანტის საცხოვრებელი სახლი, საცხოვრებელი ფართი მითითებული იყო ზუსტად, უბრალოდ, არ იყო დამხმარე ფართები მიმითითებული”,- განაცხადა თავდაცვის სამიმნისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ოქროპირიძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე არ იზიარებს მისი დეკლარაციის შეფასებისას საჯარო სამსახურის ბიუროს პოზიციას და სასამართლოში დავობს ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით:

“ჩემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ მე არ დავეთანხმე დეკლარაციის შევსების უარყოფით შეფასებას და დაჯარიმებას, მაგრამ როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, წინასწარ გადავიხადე დაკისრებული ჯარიმა, ხოლო ჩემი უფლებების დასაცავად ადმინისტრაციული სარჩელით  მივმართე შესაბამის სასამართლოს. ჩემი მოთხოვნაა, გაუქმდეს დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტი და დამიბრუნდეს ჯარიმის თანხა”,- ნათქვამია ურთმელიძის მიერ 11 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დეკლარაციების შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები სანქციის სახით მხოლოდ ჯარიმას არ ითვალისწინებს. ანგარიშის თანახმად, 7 დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევების შეფასება ცდება საჯარო სამსახურის ბიუროს კომპეტენციას და  ეს შემთხვევები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გაეგზავნათ. საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკა ქარდავა მათ ვინაოას არ ასახელებს და ეს არც ანგარიშშია მითითებული:

“იდენტიფიცირებისაგან თავს შევიკავებ, შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს კომპეტენციის მიხედვით [მივმართეთ] სხვადასხვა სფეროს დარღვევებთან დაკავშირებით. ამ 7 შემთხვევაში ბიუროს მხრიდანაც არ დასრულებულა წარმოება”,-ამბობს ის “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

რა მონაცემებს ამოწმებდა სამსახური და რას არ ავსებდნენ თანამდებობის პირები

მონიტორინგის ფარგლებში ქონებრივ დეკლარაციაში ასახული მონაცემები სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში დაცულ მონაცემებს შეადარეს. თანამდებობის პირები შეცდომით უთითებდნენ შემდეგი შინაარსის ინფორმაციას:

[checklist]

[/checklist]

ვინ იცის და ვინ არ იცის დეკლარაციის შევსება

საჯარო სამსახურის ბიურომ უარყოფითად შეაფასა 224 თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაცია. ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ დეკლარაციის სრულყოფილად შევსება არ შეუძლია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეს, მანანა ბერიკაშვილს; საქართველოს პარლამენტის წევრებს- არჩილ თალაკვაძეს, გუგული მაღრაძეს, პრეზიდენტის მრჩეველ ფიქრია ჩიხრაძეს, პარლამენტარ ზვიად კვაჭანტირაძეს. ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას, განათლების ყოფილ მინისტრ თამარ სანიკიძეს. 

პარლამენტარები, რომლებმაც დეკლარაცია სრულყოფილად არ/ვერ შეავსეს:

[checklist]

[/checklist]

მოსამართლეები, რომლებმაც დეკლარაცია სრულყოფილად არ/ვერ შეავსეს:

[checklist]

[/checklist]

საჯარო სამსახურის ბიურომ გამოყო ის თანამდებობის პირები, რომლებმაც ქონებრივი დეკლარაცია სრულყოფილად შეავსეს. მონიტორინგის ფარგლებში 14 პარლამენტარის დეკლარაცია შემოწმდა, აღმოჩნდა, რომ აქედან მხოლოდ ორმა, ხათუნა გოგორიშვილმა და დავით ბაქრაძე შეავსეს დეკლარაცია სრულყოფილად.