ხომალდი ბათუმის პორტში გუშინ, 10 აგვისტოს შევიდა, რის შემდეგაც ამერიკელი სტუმრები საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დირექტორს, პოლკოვნიკ კობა ბოჭორიშვილს, სანაპირო დაცვის დაპარტამენტის დირექტორს, მე-2 რანგის კაპიტან ლაშა ხარაბაძეს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
დღეს კი, აშშ–ის ხომალდმა „BULKELEY“–მ და საქართველოს სანაპირო დაცვის ორმა კატარღამ ზღვაში ერთობლივ პრაქტიკულ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც ამერიკელმა სტუმრებმა ქართველ კოლეგებს საკუთარ ხომალდზე უმასპინძლეს.
12 აგვისტოს იგეგმება სპორტული ღონისძიებები. საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებსა და აშშ–ის გემის ეკიპაჟის წევრებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.
13 აგვისტოს ბათუმის ნავსადგურში დაგეგმილია პერსონალის გაცვლა, ერთობლივი საზღვაო წვრთნები, რომელშიც სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად მცურავი საშუალებებიც მიიღებენ მონაწილეობას.
აშშ-ის ხომალდი “BULKELEY” საქართველოს საზღვაო სივრცეს 13 აგვისტოს, წვრთნების დასრულების შემდეგ დატოვებს.