ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ისტორიკოსი, პროფესორი მარიამ  (მარიკა) ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარიამ ლორთქიფანიძემ 1943 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “თბილისის საამირო”.

1972 წლიდან იყო თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი- 1993 წლიდან.

სამინისტროს ცნობით, გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. 1996 წელს მისი თაოსნობით თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.

ჯილდოები – საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975), ივ. ჯავახიშვილის (1976), ნ. ბერძენიშვილის (1980) სახელობის და საქართველოს სახელმწიფო (1982) პრემიების ლაურეატი. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.