ახალი ამბები

რატიანის საქმეზე შსს-ს ვიდეოს გავრცელების გამო საზმაუს ბოიკოტს უცხადებენ

28 დეკემბერი, 2017 • 6011
რატიანის საქმეზე შსს-ს ვიდეოს გავრცელების გამო საზმაუს ბოიკოტს უცხადებენ

მწერლები, გამომცემლები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ზვიად რატიანის საქმეზე შსს-ს ვიდეოს გავრცელების გამო საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოიკოტს უცხადებენ.


თინა მამულაშვილი, გამომცემელი:

“ის, თუ როგორ გააშუქა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სიუჟეტი ზვიად რატიანის სასამართლო პროცესის შესახებ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს მაუწყებელი სულაც არ არის მოწოდებული იყოს საზოგადოების სამსახურში და ობიექტურად და მრავალმხრივად გააშუქოს მიმდინარე მოვლენები. საზოგადოების დაფინანსებით შექმნილი არხი პირველ რიგში საზოგადოების ინტერესების ამსახველი უნდა იყოს და არა რომელიმე სამინისტროს ან მით უმეტეს, კერძო პირის ინტერესებისა.#ბოიკოტისაზმაუს”


გვანცა ჯობავა, გამომცემელი:

“საზოგადოებას არ გვჭირდება ასეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი! ის, რაც თქვენ დღეს იკადრეთ ზვიად რატიანის კადრების გამოქვეყნებით, სადაც არ ჩანს არც მისი დაკავების ამსახველი კადრები, არც ის, როგორ მივიდა იგი ამ ზომამდე, არ ჩანს მისი უმოწყალოდ ცემის კადრები, თქვენი ეს ქმედება, ჯალათობაზე უარესია, თქვენ გაწირეთ უდანაშაულო ადამიანი და საჯიჯგნად მიუგდეთ ისევ თქვენ მიერვე სიცრუეში შეყვანილ საზოგადოებას. ისეთი უგუნურები გგონივართ, რომ ამ დამონტაჟებული კადრებით გინდათ ბრბოდ გვაქციოთ და გვმართოთ. დამნაშავე ხართ ზვიადის და მთელი საზოგადოების წინაშე, არაფერი გაგამართლებთ, საერთოდ არაფერი. სამარცხვინოები ხართ მთელი მენეჯმენტი, ასე ურცხვად რომ მიეყიდეთ ბოროტმოქმედებს, თანამონაწილეები და ახლა უკვე უმთავრესი შემოქმედები გახდით ამ ამბის.
გილოცავთ! ამას ნამდვილად სჭირდებოდა დიდი მოხერხება!, სიძულვილსაც დამსახურება უნდა!
#ბოიკოტისაზმაუს”


მაშო სამადაშვილი, ლიტერატურის მენჯერი

“#ბოიკოტისაზმაუს ის რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთა არაფერია თუ არა მოქალაქის გაწირვა და მისი უსაფრთხოების გარანტიის ხელყოფა. ქვეყანაში, სადაც პოლიცია სცემს მოქალაქეს, საზოგადოებას კი ძალიან უადვილდება სიძულვილის გამოხატვა, თქვენ გაიმეტეთ ადამიანი საჯარო და დაუნდობელი ანგარიშსწორებისთვის. იმის მაგივრად რომ საზოგადოებრივი თვითშეგნების ასამაღლებლად მუშაობდეთ, თქვენ ზიზღს თესავთ და ამას სწორედ ის ადამიანები მოუღებენ ამას ბოლოს, ვინც ხელფასებს გიხდით!”

 


პაატა შამუგია, პოეტი

“საზოგადოებრივი მაუწყებელი იქცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ქვეგანყოფილებად. საზოგადოებრივი მაუწყებელი გვერდში დაუდგა უდანაშაულო ადამიანის მწამებელ სადისტ პოლიციელებს და იქცა მათი პროპაგანდისტული, შეთითხნილი ვიდეოს გამავრცელებლად. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში დაბლოკა პრემიერმინისტრის გინება, მაგრამ დაუყოვნებლივ გაუშვა პოეტის გინება, რითაც სადისტი პოლიციელების სახეზე შერჩენილი ფურთხის ჩამოწმენდას ეცადა. საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს გახდა შიზოგადოებრივი მაუწყებელი. #ბოიკოტისაზმაუს”


ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე:
“არავის სუსლოვის ტელევიზიის ჩათვლით. არა მარტო იმიტომ, რომ პრემიერის გინებას მალავთ და რატიანისას აჩვენებთ, არამედ იმიტომ, რომ ამ კაცს შავრაზმელებს უგდებთ საჯიჯგნად და ამით ცდილობთ პოლიციური ძალადობის და მოქალაქის წამების გადაფარვას და გამართლებას. თქვენ მოძალადე პოლიციელებზე უარესი დამნაშავეები ხართ და ხელები უდანაშაულო მოქალაქეების სისხლში გაქვთ დასვრილი. სინდისზე და ნამუსზე თქვენთან ლაპარაკს და თქვენს შერცხვენას აზრი აღარ აქვს. არც თქვენ დაგავიწყდეთ, რომ, როდესაც თანამდებობიდან წახვალთ, გამარჯობის მთქმელი არ გეყოლებათ.”


ნენე კვინიკაძე, მწერალი:

“#ბოიკოტისაზმაუს ღირებულებისაგან დაცლილი, პროგრესის მიზანმიმართულად შემაფერხებელი, ჩვენი გადასახადებით გამოკვებილი ბოროტი ორგანო.


დღეს, 27 დეკემბერს ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც შსს-მ პოლიციელების მიერ ჩაწერილი აუდიომტკიცებულება წარადგინა, სადაც ისმოდა, როგორ იგინება ზვიად რატიანი პოლიციელების მისამართით.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული ვიდეო შსს-სგან ოფიციალურად გამოითხოვა და გაავრცელა. ვიდეო დამონტაჟებულია და სრულად არ ასახავს დაკავების პროცესს, არც იმას, თუ რამ გააღიზიანა ზვიად რატიანი, რომელიც პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გაუვრცელებია პრემიერ-მინისტრის გინების ამსახველი ვიდეომასალა ოპოზიციის წარმომადგენლის, ნიკა მელიას მისამართით, რომელიც პარლამენტში ყველას თვალწინ მოხდა და მის მოპოვებას ამდენი შრომა არ სჭირდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალურ საპოლიციო კონტროლი 22 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დაასრულა. საპოლიციო კონტროლის დროს 127 პირი დააკავეს.

საპოლიციო შემოწმებისას დააკავეს პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, იმის გამო, რომ ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა. მის გარდა, გენერალური ინსპექცია კიდევ რამდენიმე მსგავს ფაქტზე იკვლევს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას, მათ შორის არის 31 წლის თინათინ შენგელიას საქმეც. ახალგაზრდა ქალი ავად იმ დროს გახდა, როცა 22 დეკემბერს, გამთენიისას, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში შეიარაღებული სამართალდამცავები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. თინათინ შენგელიას მდგომარეობა მძიმეა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

შსს-ს აღნიშნული ბრძანება “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა. EMC-ში აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩატარების საფუძვლად მხოლოდ ზოგადი სამართლებრივი საფუძვლებია მითითებული და აბსტრაქტული საფუძვლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება არაპროპორციული და არათანაზომიერი ჩარევაა მოქალაქეთა უფლებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი