მესტიაში საკრებულოს წევრის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
“წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ..-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, 1968 წელს დაბადებულ ლ.ნ-ს მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა,”-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბრალდებულის დასაკავებლად სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გარდაცვლილი საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ნაციონალურმა მოძრაობამაც”. პარტია შსს-ს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს მკვლელობის ფაქტი.
„დღისით, მზისით ჩვენი პარტიის წარმომადგენელი საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს. ჩვენ დაველოდებით დეტალების გარკვევას, თუმცა მთავარი მიზეზი, რის გამოც მსგავსი ფაქტები ხდება, ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობაა – წახალისებული კრიმინალი. ესაა იმ პოლიტიკური ნების გამოხატულება, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, ნაცვლად იმისა, რომ ამ მდგომარეობას ებრძოდეს, კომუნისტური რეიდებითაა წარმოდგენილი.“ – აცხადებს პარტიის წევრი ზურაბ მელიქიშვილი.