თუ პოლიციელების მხრიდან ძალადობა დადასტურდა, თითოეული მათგანი პასუხს აგებს – გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თუ დადასტურდება ზვიად რატიანის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, ამის ჩამდენი თითოეული პოლიციელი აგებს პასუხს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“თუ დადასტურდება ფაქტი პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, რა თქმა უნდა, ეს იქნება დეტალურად გამოძიებული და თითოეული პოლიციელი აგებს პასუხს,” – ამბობს შს მინისტრი.

თუმცა, გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ ზვიად რატიანსაც მოუწევს სასამართლოს წინაშე ახსნა-განმარტების მიცემა ან თავის დაცვა, იყო თუ არა მისი მხრიდან პოლიციელის შეურაცხყოფა ან წინააღმდეგობის გაწევა. შს მინისტრის განცხადებით, მათთვის ეს არის მკაცრი, სამართლიანი და ამავე დროს ობიექტური მიდგომა.

“პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს სტიგმა, როდესაც დეტალების გაურკვევლად ერთმნიშვნელოვნად ვადანაშაულებთ მოქალაქეს ან პოლიციელს, კონექტურიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ სტიგმიდან გამოსვლა უნდა ვცადოთ.

დარწმუნებულები ვართ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ზვიად რატიანის პოზიციას იცავენ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც ჩვენ მომავლისთვის გვაქვს დაგეგმილი.

საზოგადოების ამ ნაწილის მხარდაჭერის გარეშე ამ რეფორმის გატარება უბრალოდ რთული იქნება. რა თქმა უნდა, ვცდილობთ და ვპირდებით ყველას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილები, თუმცა ობიექტურობა იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპი,” – განაცხადა ტელეიმედში სტუმრობისას გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ზვიად რატიანის მხრიდან პოლიციელის მიმართ, სამართალდამცველს აქვს თმენის ვალდებულება. მინისტრის თქმით, უფლებამოსილების გადამეტება ამით ვერ გამართლდება:

“ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა, თუმცა უფლებამოსილების ფაქტიც არის დასადასტურებელი. ამიტომ ვამბობ, რომ ორ სხვადასხვა მიმართულებასთან კავშირია: ერთი საქმე გახლავთ პოლიციელის შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა, რომელიც უნდა იყოს განხილული შესაბამისი იურიდიული პროცედურებით სასამართლოში, ხოლო მეორე მხრივ – პროკურატურამ უნდა ჩაატაროს შესაბამისი სრულფასოვანი გამოძიება, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას. ეს ორი სხვადასხვა კომპონენტია. შესაბამისად, ჩვენ დეტალურად უნდა განვიხილოთ ერთიც და მეორეც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მხოლოდ მსგავსი ობიექტური მიდგომა, რომელსაც ვპირდებით საზოგადოებას, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ აღვადგინოთ ეს ხიდები მოქალაქესა და სამართალდამცავს შორის. სხვანაირად, მერწმუნეთ, შეუძლებელია უსაფრთხოების იმ ნორმებისა და სტანდარტების დამყარება ქვეყანაში, რომელიც ყველას გვინდა.”

[red_box]ზვიად რატიანის საქმე – მნიშვენლოვანი დეტალები[/red_box]

ზვიად რატიანი 24 დეკემბერს ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავება, ხოლო პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.

პოეტს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში. ზვიად რატიანი აცხადებს, რომ მას არაერთი პოლიციელი მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. დაშავებულის თქმით, თავდაპირველად ოთხი უცნობი პირი მივიდა მასთან სამოქალაქო ფორმით, რასაც შსს უარყოფს და აცხადებს, რომ ვიდეო-მასალა არსებობს, სადაც ზვიად რატიანი პოლიციელებს აგინებს და არ ემორჩილება.

ზვიად რატიანს მხარდაჭერას უცხადებენ მისი კოლეგები, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც ცნობილ პოეტს ასე გამეტებით სცემენ სამართალდამცველები, რთული წარმოსადგენი არ არის, რას გაუკეთებენ ისინი უცნობ მოქალაქეს. შსს-ს განმარტებებსა და სამართალდამცველების გამამართლებელ განცხადებებას მწერლები “ბრიყვულს” უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ საპატრულო პოლიცია საბჭოთა მილიციად გადაიქცა. ისინი იმ პოლიციელების სამაგალითო დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც ზვიად რატიანი სასტიკად სცემა.

მოგვიანებით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

[red_box]საპოლიციო კონტროლი – შედეგები[/red_box]

პოეტ ზვიად რატიანის გარდა, გენერალური ინსპექცია კიდევ რამდენიმე მსგავს ფაქტზე იკვლევს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას, მათ შორის არის 31 წლის თინათინ შენგელიას საქმეც. ახალგაზრდა ქალი ავად იმ დროს გახდა, როცა 22 დეკემბერს, გამთენიისას, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შეიარაღებული სამართალდამცავები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. თინათინ შენგელიას მდგომარეობა მძიმეა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი 22 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დაასრულა. საპოლიციო კონტროლის დროს სულ 127 პირი დააკავეს.

შსს-ს აღნიშნული ბრძანება “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა. EMC-ში აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩატარების საფუძვლად მხოლოდ ზოგადი სამსახურეობრივი საფუძვლებია მითითებული და აბსტრაქტული საფუძვლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება არაპროპორციული და არათანაზომიერი ჩარევაა მოქალაქეთა უფლებებში.