თელავში “თანასწორობის მოძრაობის” ოფისის ფანჯრები ჩაამტვრიეს

თელავში “თანასწორობის მოძრაობის” რესურს-ცენტრის  ოფისის ფანჯრები ჩაამტვრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ.

როგორც “თანასწორობის მოძრაობის” თელავის ოფისის მენეჯერმა ნინა ზაზაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, 
დღეს  11:50 საათზე ნახა, რომ ოფისში ერთი ფანჯარა ჩამტვრეული იყო.

“ამ დროისთვის გასვლა მიწევდა სხვა ორგანიზაციაში და დავტოვე ოფისი. რომ დავბრუნდი, მეორე ფანჯარაც იყო ჩამტვრეული,” – გვითხრა მან.

ნინა ზაზაშვილი აცხადებს, რომ ჯერ არ შეუძლია მომხდარში ვინმეს დადანაშაულება, თუმცა, მისი თქმით, თელავში ხშირია ლგბტ თემის მიმართ მოსახლეობის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა.

“ხშირია სიტყვიერი და მიმიკური ირონია. ასევე, ქუჩაში შეძახილები და სხვა სახის დისკრიმინაცია ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ. ორი დღის წინ ტრენინგი ჩავატარეთ და რამდენიმე პირი მოვიდა, რომლებიც არ გამოხატავდნენ ღია აგრესიას, თუმცა არ იყვნენ კეთილგანწყობილნი თემის მიმართ,“ – აცხადებს ზაზაშვილი.  

ამ დროისთვის “თანასწორობის მოძრაობის” თელავის ოფისში სამართალდამცავები მუშაობენ, მიმდინარეობს ოფისის თანამშრომლების დაკითხვაც. როგორც შსს-ში გვითხრეს, გამოძიება სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,.

თელავში “თანასწორობის მოძრაობის” ფანჯრები ჩაამტვრიეს. 21 დეკემბერი, 2017 წელი. ფოტო : ნინა ზაზაშვილი