ახალი ამბები

პრემიერი: SGS-თან ხელშეკრულებაში არცერთი პუნქტი არაა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო

20 დეკემბერი, 2017 • 1891
პრემიერი: SGS-თან ხელშეკრულებაში არცერთი პუნქტი არაა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შვეიცარიულ კერძო კომპანიასთან, SGS-სთან ხელმოწერილ ხელშეკრულებაში არცერთი პუნქტი არაა საქართველოს საწინააღმდეგო.

19 დეკემბერს საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ხელი მოაწერა კონტრაქტს SGS-თან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“  საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი.

SGS-თან ხელმოწერაზე და მის პირობებზე შეკითხვა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ დასვა სხდომაზე მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების წარდგენისას.

“ეს ხელშეკრულება მემკვიდრეობით მივიღეთ წინა ხელისუფლებისგან. თუ რატომ არ მოეწერა დღემდე ხელი, ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს, იმიტომ, რომ  რუსეთის მხრიდან იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენთვის არ არის მისაღები. იმასაც გეტყვით, რომ დღესაც არის მათი მხრიდან მოთხოვნები, რომ ამ ხელშეკრილების ტექნიკურ დეტალებში გაკეთდეს ისეთი შესწორებები, რომლებიც ჩვენთვის არ იქნება მისაღები.

ჩვენ მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, რომელშიც აბსოლუტურად არცერთი პუნქტი არ არის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო. და, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესია, აფხაზეთზე საუბარი არ არის, საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ, ხაზს ვუსვამ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესც იქნება თოვლი ან მეწყერი ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნას ცხინვალის მიმართულებით გახსნილი ეს მექანიზმი. ისიც ზედმიწევნით დაცვით იმ ტექსტისა, რომელიც ხელშეკრულებაში არის,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ამ კორიდორით სხვა ქვეყნებიც ისარგებლებენ:

“ჩვენ ხელი მოვაწერეთ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ამ კორიდორით ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლება ისარგებლოს თურქეთმაც, სომხეთმაც და არაერთმა ქვეყანამ, რომელიც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით სარგებლობს… ეს არის ჯერჯერობით ცალმხრივად ხელმოწერილი, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს იმიტომ, რომ გარკვეული პირობები, რომლებიც წამოყენებულია რუსეთის მხრიდან, არ არის ჩვენთვის მისაღები,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი