“შევხვდი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს. მე მადლობა გადავუხადე საქართველოს სულიერ ლიდერს იმ დახმარებისთვის, რომლის წყალობითაც სამხრეთ ოსეთიდან ბევრი მსჯავრდებული და პატიმარი გათავისუფლდა საქართველოს ციხეებიდან. ლოცვა გაგრძელდება ჩვენი ხალხების შერიგებისთვის და იმისთვის, რომ გამოიძებნოს მიტევების ძალა და სწორი გზა. გამკლავება თანამედროვე გამოწვევებთან, მართლმადიდებელი ხალხების ერთობა, ახალგაზრდების აღზრდა მართლმადიდებლურ ტრადიციებზე – ეს მთავარი საკითხები იქნა განხილული ჩვენი შეხვედრის დროს,” – აცხადებს გოჩა ძასოხოვი.
რუსეთის გაქრისტიანებიდან 1025 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით გაემზგავრა საქართველოს პატრიარქი რუსეთში 22 ივლისს.
“ახალგაზრდა რუსები და რუსეთში მცხოვრები კავკასიელების ახალგზარდა თაობები, რუსეთის, საქართველოს და სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდობა სწორედ ეკლესიის მფარველობით იპოვიან საერთო ენას, რომ დაუახლოვდნენ და გაუგონ ერთმანეთს,” – აცხადებს ძასოხოვი.
ილია მეორეს რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო შეხვედრები მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთან, კიევში- სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმერსთან და მინსკში, სრულიად ბელორუსის საპატრიარქო ეგსარქოსთან, მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტ ფილარეტთან.
თუმცა, არაოფიციალურად, საქართველოს პატრიარქმა სხვა შეხვედრებიც გამართა, მაგალითად, მოსკოვში შეხვდა აჭარის ყოფილ მეთაურს ასლან აბაშიძეს და მის ოჯახს.
პატრიარქის ვიზიტი 30 ივლისს დასრულდება.
