დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მაუწყებლობის კანონპროექტი მესამე მოსმენითაც ჩააგდო

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მესამე მოსმენაზეც არ დაუჭირა მხარი მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს.

კანონპროექტი კომიტეტმა მეორე მოსმენით განხილვაზეც ჩააგდო, თუმცა პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში შინაარსობრივი ცვლილებები აღარ განხორციელდება.

კანონპროექტს, კომიტეტის წევრების გარდა, აკრიტიკებენ არასამთავრობოები და მედიის წარმომადგენლები იმ არგუმენტით, რომ ცვლილებების შემდეგ გაიზრდება კორუფციული რისკი, რადგან შინაარსთან დაკავშირებული შესყიდვების წარმოება მაუწყებელს ტენდერების გარეშეც შეეძლება.

კანონპროექტს აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ მცირდება სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებები და კომერციული რეკლამის დროის გაზრდის გამო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს კერძო ტელევიზიებს, განსაკუთრებით- მცირე ტელევიზიებს.