ირაკლი შიხიაშვილი თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარეა

მის კანდიდატურას მხარი ინტერპარტიული უმრავლესობის 24–მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც მას ხმა არ მისცა, რესპუბლიკელი გულიკო ზუმბაძეა, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნება – თბილისელებს” ხელმძღვანელობს.

 

დღევანდელ რიგგარეშე სხდომას პროტესტის ნიშნად “ნაცმოძრაობის” 22 დეპუტატი არ დასწრებია.

 

“აქამდე თბილისში სისტემა მორგებული იყო მხოლოდ ერთ პიროვნებაზე, ახლა ასე აღარ იქნება, მე ვაძლევ საზოგადოებას გარანტიას, რომ ამიერიდან გუნდური წესით იქნება გადაწყვეტილებების მიღება და მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენი თბილისისთვის უფრო მეტი სიკეთე მივიღოთ,” – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

 

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი მუსხელიშვილი აირჩიეს.

 

გარდა ამისა, დეპუტატებმა მუდმივმოქმედი კომისიების ხელმძთვანელებიც აირჩიეს. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ქავთარაძე დაინიშნა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანადმებობაზე – კახა კუკავა, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე – დავით ჯინჭარაძე, ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე – ზაურ დოლიძე, ქონების მართვისა და საფინანსო–საბიუჯეტო კომისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე – ნინო თევდორაძე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე – ნიკო ხაჩირიშვილი,  ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელად – მაკა გვარამიას, სპორტის დვა ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე – გელა ომანიძე, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე – კახა ფირუაშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის ხელმძღვანელის პოსტზე – ზურაბ გაჩეჩილაძე (შონზო),  სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდოამრის პოსტზე – ნათელა მაჭავარიანის, საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის ხელმძღვანელის პოსტზე კი – კახა გურული, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების კომისიის (რომელიც დროებითიდან მუდმივმოქმედ კომისიად დღეს გადაკეთდა) თავამჯდომარის თანამდებობაზე – მამუკა კაციტაძე.