ჰაერის დაბინძურება ბავშვების ტვინის განვითარებას აფერხებს – იუნისეფის გამოკვლევა

გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია “იუნისეფი” ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია იმის შესახებ, როგორ აფერხებს ჰაერის დაბინძურება ბავშვების, განსაკუთრებით კი მცირეწლოვანი ბავშვების ტვინის განვითარებას.

როგორ ახდენს გავლენას დაბინძურებული ჰაერი გონების განვითარებაზე

[checklist]

[/checklist]

იუნისეფის ანგარიშის მიხედვით, დაბინძურებული ჰაერი ყველა ბავშვზე ახდენს გავლენას, თუმცა ყველაზე დაუცველი მცირეწლოვნები არიან. ანალიზის მიხედვით, მსოფლიოში 17 მილიონი მცირეწლოვანი (ერთი წელზე დაბალი ასაკის ბავშვები) ისეთ ადგილებში ცხოვრობენ, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი 6–ჯერ აღემატება ნორმად მიჩნეულ ნიშნულს. ამ ბავშვების უმეტესობა, დაახლოებით 12 მილიონი სამხრეთ აზიაში ცხოვრობს.

იუნისეფის კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება ასოცირდება ბავშვების ყველაზე დიდ მკვლელთან – პნევმონიასთან, რომელიც წელიწადში 920 000 ბავშვის სიკვდილის გამომწვევი მიზეზია. პნევმონიას ემატება ასთმა, ბრონქიტი და სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადება.

გაიზარდა იმ გამოკვლევების რაოდენობა, რომლებიც მიუთითებენ, თუ რა დიდ გავლენას ახდენს დაბინძურებული ჰაერი მოზარდის, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშების ტვინის განვითარებაზე.

გამოკვლევაში საუბარია იმის შესახებ, რომ ჰაერი განსაკუთრებით დაბინძურებულია ქალაქის დაბალგანვითარებულ უბნებში, “ჯურღმულებში”. იქ მცხოვრები ბავშვების უმეტესობას არ აქვს სუფთა წყალი, არის ანტისანიტარია, რაც ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების ეპიდემიას.

” მცირეწლოვან ბავშვებს განვითარებადი იმუნური სისტემა და მზარდი ფილტვები აქვთ, ამიტომ თითო ჩასუნთქვით  თავიანთ წონასთან შედარებით მეტ ჟანგბადს იღებენ, ვიდრე ზრდასრულები. ამავე ლოგიკის მიხედვით, დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვით თავის წონასთან შედარებით მეტ დაბინძურებულ ჟანგბადს იღებენ, ვიდრე ზრდასრულები”, – წერია გამოკვლევაში.

იუნისეფის გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა დიდი ქალაქების ცენტრალურ უბნებში. მსოფლიოში ურბანიზაციის ტემპების ზრდას არ მოსდევს შესაბამისი ზრუნვა დაბინძურების შემცირებაზე, რაც შესაძლოა შემაფერხებელ ფაქტორად გადაიქცეს მოზარდობის პერიოდში ტვინის განვითარებაზე და ხელი შეუშალოს არა მარტო მათი პოტენციალის გამოვლენას, არამედ მომავალ თაობებსაც გადაეცეს გენეტიკური გზით.