დამკვირვებლები ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭქვეშ არ აყენებენ

2017 წლის 9 დეკემბერს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე ასოციაციის თავჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნებს აკვირდებოდნენ. ორგანიზაციები პროცედურული დარღვევებისა და ტექნიკური ხასიათის ხარვეზებზე საუბრობენ, რის გამოც არჩევნების მიმდინარეობა რამდენჯერმე შეფერხდა, თუმცა მის ლეგიტიმაციას ეჭქვეშ არ აყენებენ.

სადამკვირვებლო ორგანიზაციები მნიშვნელოვან დარღვევად აფასებენ არჩევნების დასრულებისას კომისიის ორი წევრისთვის ერთი და იმავე სახის რამდენიმე ბიულეტენის აღმოჩენას. თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ დარღვევის დროულად აღკვეთისა და ხმის დამთვლელი კომისიისა და კრების თავმჯდომარის მიერ საარჩევნო ყუთების დალუქვის შედეგად, აღნიშნული ბიულეტენების არამართლზომიერად გამოყენება არ მომხდარა და კენჭისყრის ლეგიტიმურობას საფრთხე არ შექმნია.

“სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, საგულისხმოა, რომ საერთო კრების რეგლამენტში არ იყო გაწერილი საარჩევნო სისტემა, მათ შორის, არც ასოციაციის თავმჯდომარის არჩევის წესი, რამაც კომისიის დაბნეულობა გამოიწვია და ხმის დათვლის პროცესში საჭირო გახდა ასოციაციის წესდებისა და „ადვოკატთა შესახებ“ კანონის შესაბამისი მუხლების განხილვა მეორე ტურის გამართვისა და გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენის შესახებ. ამასთან ერთად, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ადვოკატთა შესახებ კანონით, ადვოკატთა ასოციაციის წესდებითა თუ საერთო კრების რეგლამენტით არ იყო გაწერილი არჩევნების დეტალური პროცედურები, რაც რიგ შემთხვევებში დაბნეულობას და არაორგანიზებულობას იწვევდა,

[red_box]რეგისტრაციისა და კენჭისყრის პროცესი[/red_box]

ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე სულ რეგისტრაცია გაიარა 2324-მა ადვოკატმა, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 2048 დელეგატმა. ადვოკატთა რეგისტრაციას და მანდატების გაცემას სამანდატო კომისია ახორციელებდა. რეგისტრაცია და მანდატების გაცემა დილის 10 საათიდან შუადღის 3 საათამდე გრძელდებოდა. ISFED-ის შეფასებით, ეს პროცესი ძირითადად მშვიდ გარემოში, ექსცესების გარეშე წარიმართა და დასრულდა ზუსტად 3 საათისთვის, როგორც ეს რეგლამენტით იყო გათვალისწინებული:

“რეგისტრაციის დასრულებისთანავე, სხდომის თავმჯდომარემ რეგლამენტის დაცვით გამოაცხადა ხმის დამთვლელი კომისიის წევრების შერჩევის დაწყების შესახებ და კანდიდატებს მოუწოდა დაესახელებინათ თავიანთი წარმომადგენლები ხმის დამთვლელ კომისიაში. ნომინირების შემდგომ, სხდომის თავმჯდომარემ დელეგატებს წარუდგინა ხმის დამთვლელი კომისიის შემადგენლობა, რომელიც დელეგატებმა ღია კენჭისყრით, ერთხმად დაამტკიცეს. ამის შემდგომ, კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ, რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, მიემართათ დელეგატებისთვის, წარედგინათ თავიანთი პროგრამები და ესაუბრათ სამომავლო გეგმების თაობაზე.

კანდიდატების გამოსვლების შემდეგ დაიწყო კენჭისყრის პროცესი. თავად კენჭისყრის ადგილას პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა, მაგრამ იარუსებს შორის, სადაც დელეგატები რიგში იდგნენ კენჭისყრის ადგილზე შესასვლელად, შეინიშნებოდა გადატვირთულობა და ქაოსი. რიგები იდგა კენჭისყრის კაბინებთანაც, რადგან ბიულეტენებისა და მასში ასარჩევი კანდიდატების სიმრავლე დელეგატებისგან გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის დროს მოითხოვდა. ამ პროცესში შეინიშნებოდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ვინაიდან დელეგატების ნაწილი ხმას აძლევდა კენჭისყრის კაბინის გარეთ.”

კენჭისყრის დარბაზში ამომრჩეველთა ნაკადი 19:35 საათისთვის შეწყდა. თუმცა სხდომის თავმჯდომარემ, როგორც თავად განაცხადა, კანდიდატების თხოვნით, კენჭისყრის პროცესი 20:00 საათამდე გააგრძელა და განაცხადა, რომ 20:00 საათისთვის შენობის და დარბაზის კარები ჩაიკეტებოდა და ვერავინ შეძლებდა ხმის მიცემას.

კენჭისყრის დასრულების დროს, 20:00 საათისთვის, საარჩევნო უბანზე ატყდა ხმაური რამდენიმე ადგილზე. ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი დავით ლანჩავა და მისი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ უნდა ჩამქრალიყო შუქი და საჭირო იყო საარჩევნო ყუთების დაცვა. ამ დროს კრების თავმჯდომარემ კომისიასთან ერთად დაიწყო ურნების სასწრაფო დალუქვა. სადამკვირვებლო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის ოთახში ელექტროენერგია არ გამორთულა და პროცესის ხილვადობა არცერთ ეტაპზე არ შეფერხებულა.

[red_box]საარჩევნო ყუთების დალუქვა და ხმის დათვლა[/red_box]

საარჩევნო ურნების დალუქვის შემდგომ, 20:01 საათზე, კომისიამ ერთ-ერთ დელეგატს ბიულეტენების საარჩევნო ყუთებში მოთავსების შესაძლებლობა არ მისცა, რამაც აღნიშნული დელეგატის პროტესტი გამოიწვია. ამავე დროს, ერთ-ერთ კაბინაში შევიდა კომისიის ერთ-ერთი წევრი. გამოსვლისას კი მას ხელში რამდენიმე ერთი და იმავე ფერის ბიულეტენი ეკავა. ერთ-ერთი დამკვირვებლის მოწოდების შემდეგ, მასთან მივიდნენ კომისიის სხვა წევრები, რომლებმაც მას აღმოუჩინეს ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევი 3 ცალი ბიულეტენი, სადაც შემოხაზული იყო დავით ასათიანის კანდიდატურა.

პარალელურად, ჩოჩქოლი შეინიშნებოდა საარჩევნო დარბაზის საპირისპირო კუთხეში, რა დროსაც, ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მან თავმჯდომარის ასარჩევი რამდენიმე ბიულეტენი კომისიის ერთ-ერთ წევრს ჩანთიდან ამოაცალა, რომლებიც, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, შემოუხაზავი იყო. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ კომისიის ამ ორი წევრიდან არცერთს ბიულეტენები საარჩევნო ყუთში არ ჩაუყრია, რადგან ინციდენტის დროს სხდომის თავმჯდომარე საარჩევნო ყუთებს უკვე ლუქავდა.

მათი შეფასებით, არაორგანიზებული იყო თავად საარჩევნო კომისიის საქმიანობა. არ აღირიცხებოდა საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ მიღებული ბიულეტენების რაოდენობა და, შესაბამისად, ცნობილი არ იყო, რამდენი ბიულეტენი იყო გაცემული კომისიის რეგისტრატორ წევრებზე.

“კენჭისყრის დასრულებისა და უბნის დახურვის პროცესი ხარვეზებით წარიმართა. კომისიის წევრებმა გამოუყენებელი ბიულეტენები და სხვა დოკუმენტაცია მაგიდებთან უმეთვალყურეოდ მიატოვეს და რამდენიმე შემთხვევაში გამოუყენებელ ბიულეტენებს დამკვირვებლები ითვლიდნენ. მოგვიანებით, კომისიის ორმა წევრმა გამოუყენებელი ბიულეტენები ერთად მოაგროვა და სხვა ოთახში წაიღო დელეგატების სიებთან და სხვა საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად.

ხმის დამთვლელი კომისიის სხდომა დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, დამკვირვებლების მეთვალყურეობის გარეშე მიმდინარეობდა. მოგვიანებით კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომისიამ იმსჯელა კომისიის იმ ორი წევრის შესახებ, რომელთაც ერთზე მეტი ბიულეტენი აღმოაჩნდათ და გადაწყვიტა, რომ ისინი ხმების დათვლის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდნენ,” – ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.

ამის შემდეგ კომისიის სხდომაზე დამკვირვებლები დაუშვეს, სადაც კომისიამ დაითვალა სიაში ამომრჩეველი დელეგატების ხელმოწერები. ორგანიზაციების შეფასებით, ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესი საჯაროდ, რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, კენჭისყრის ადგილას ექსცესების გარეშე წარიმართა. თუმცა, როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, კომისიას არ ჰქონდა გაწერილი დეტალური პროცედურები, თუ რა წესის დაცვით და როგორი თანმიმდევრობით უნდა დაეთვალა ბიულეტენები: “კომისიამ არ აირჩია სხდომის მდივანი, რომელიც იქნებოდა პასუხისმგებელი მიღებული ხმების აღრიცხვასა და დოკუმენტირებაზე და ეს ფუნქცია, სახელდახელოდ, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა შეითავსა”.

ISFED-ის რეკომენდაციები

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას არჩევნების შედეგები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე რეგისტრაცია გაიარა 2324-მა ადვოკატმა, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 2048 დელეგატმა. ყველაზე მეტი – 1128 ხმა მიიღო ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ასათიანმა. მეორე ადგილზე გავიდა ლევან ჯანაშია 632 ხმით.