“თეთრი ხმაურის” 3 მოთხოვნა და ულტიმატუმი ხელისუფლებას

თეთრი ხმაურის მოძრაობამ, რომლის ინიციატივითაც დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა, 3 მოთხოვნა წარმოადგინა, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოძრაობა ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო პროცესს გაემიჯნება და ალტერნატიულ ბრძოლას დაიწყებს. მოძრაობის მოთხოვნები აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა გაახმოვანა:

მოთხოვნების ადრესატები არიან საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტი და მთავრობა. მოძრაობა მოითხოვს ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული მომხმარებლების მასობრივ შეწყალებას, ასევე ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას და პოლიციის რეფორმას.

“აღნიშული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თეთრი ხმაურის მოძრაობა გაემიჯნება პროცესს და ბრძოლის ალტერნატიული მეთოდებს მიმართავს. ახალი წლის საზეიმო განწყობა წინააღმდეგობის დღეებით შეიცვლება”, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

მისივე თქმით, ის დეპუტატები, რომლებიც ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზების კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, შევლენ საქართველოს პარლამენტარიზმის (და არა მხოლოდ) ისტორიაში, როგორც პროგრესული, ჰუმანური ღირებულებების გამტარებლები და მოქალაქეების კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი ადამიანები.

“პარლამენტის ის წევრები, რომლებიც კანონპროექტის წინააღმდეგ წავლენ, ფაშისტებად, ნულოვანი ტოლენრატობის ქომაგებად, ხალხის მტრებად შეირაცხებიან. კენჭისყრის მონაცემები საჯაროა.

პარლამენტარები, რომლებიც სესიაზე არ მივლენ და საკუთარ პოზიციას არ დააფიქსრებენ, იმათზე უარესებად ჩაითვლებიან, რომლებიც ხმას წინააღმდეგ მისცემენ. მათაც იგივე ბედი ელით, რაც მოწინააღმდეგეებს. მხოლოდ ორი არჩევანი, ერთი გადაწყვეტილება, ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის, ხალხთან ომი დასრულდეს. ჩვენ ვითვლით წამებს”, – თქვა ბექა წიქარიშვილმა.