ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის − „შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ − დასაშვებობის განხილვა 2017 წლის 28 ნოემბერს დაიწყო“, − ნათქვამია სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის წერილში. ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.
საქმეში ოთხი მომჩივანია: რუსთავი, ტელეკომპანია საქართველო, ლევან ყარამანიშვილი და გიორგი ყარამანიშვილი.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის სასამართლო თავის წერილში საქართველოს მთავრობას კითხვებს უსვამს თითოეულ მომჩივანთან დაკავშირებით. მოცემულ საქმეზე „რუსთავი 2“ პირველი მომჩივანია და მასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო, სხვებს შორის, განიხილავს საკითხს − შეიძლება თუ არა, კომპანია დაზარალებულად ჩაითვალოს და ამოწურა თუ არა მან შიდა გასაჩივრების გზები, ვიდრე ევროპულ სასამართლოს მიმართავდა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სასამართლოს კითხვებია:
1.1 ამასთან დაკავშირებით, შიდა კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელი იყო თუ არა მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ 2015 წლის 5 აგვისტოს ბრძანების გასაჩივრება მაშინ, როდესაც ძირითად საქმეში პირველი მომჩივანი არ იყო მხარე?
1.2 პირველმა მომჩივანმა ითხოვა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე – 92-ე მუხლების საფუძველზე ძირითად საქმეში (საკუთრების დავა) მესამე პირად ჩართვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ან უზენაეს სასამართლოში?
2.1 დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები წარიმართა თუ არა სათანადო პროცედურული სამართლიანობის დაცვით კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ?
2.2 კერძოდ, პირველი მომჩივნის შესაბამისი ბრალდებების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მოსამართლე თ. უ. (პირველი ინსტანციის სასამართლოში), უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ.თ. იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი?
3.1. კერძოდ, შეიძლება თუ არა დადასტურებული კავშირი არსებობდეს სარჩელის უზრუნველყოფის პროცედურებსა და სახელმწიფოს მხრიდან პირველი მომჩივნის სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის სავარაუდო მცდელობას შორის? „რუსთავი 2“-ის აქტივებზე ყადაღის დადება, რაც, სავარაუდოდ, მისი ფინანსური მდგრადობის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია, წარმოადგენს თუ არა არხის თავისუფლებაში ჩარევას −გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები?
4.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე და 1991-ე მუხლების გათვალისწინებით, იყო თუ არა „რუსთავი 2“-ის აქტივებზე ყადაღის გაგრძელება კანონიერი მას შემდეგ, რაც ის აღარ წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს საქმეში?
5.1. დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის პროცედურებთან დაკავშირებით, რა მიზანსა თუ მიზნებს ისახავდა ხელისუფლება კონვენციის მე-10 მუხლისა და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ სავარაუდოდ დაწესებულ შეზღუდვებთან მიმართებით? უფრო კონკრეტულად, განსხვავდებოდა თუ არა რომელიმე მიზანი ამ უკანასკნელი დებულებით დაშვებული შეზღუდვის მიზნებისგან? რომელი იყო ძირითადი, თუ ხელისუფლება ერთზე მეტ მიზანს ისახავდა? დაირღვა თუ არა მე-18 მუხლი კონვენციის მე-10 მუხლთან ან პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან ერთობლიობაში?
იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ მოცემულ კითხვებს 2018 წლის 29 მარტისთვის უნდა უპასუხოს. მთავრობის პასუხები და არგუმენტები მომჩივნებს გადაეგზავნებათ და, სასამართლოს რეგლამენტის 28-ე მუხლის შესაბამისად, კონტრარგუმენტების წარსადგენად სექციის თავმჯდომარის მიერ რამდენიმეკვირიანი ვადა განესაზღვრებათ. ყოველივე ამის შემდეგ ევროპული სასამართლო იმსჯელებს საჩივრის დასაშვებობაზე თითოეული მომჩივნის ნაწილში და გადაწყვეტს, რომელ გარემოებებსა და რომელ კონკრეტულ მომჩივანთან უნდა გააგრძელოს საქმისარსებითი განხილვა.