სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დაიკითხა

“ეს იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს “მექანიზატორთან” დაკავშირებული კითხვები. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კითხვებზე დეტალურად ვერ გესაუბრებით”, – განუცხადა ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ დავით კირვალიძემ. მისივე განცხადებით, კითხვები კონკრეტულად ამ საკითხს შეეხებოდა და იქ არ ყოფილა საუბარი მისი მეგობრის, მამუკა ივანიაძის შესახებ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერზე, რომელიც პროკურატურამ 22 ივლისს გაასაჯაროვა.

 

პროკურატურამ ვიდეოს გასაჯაროვების პარალელურად განაცხადა, რომ შპს “მექანიზატორის” დირექტორის მოადგილე მამუკა ივანიაძის მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციები გატარდება, თუკი მისი მხრიდან ცრუ დასმენის ფაქტი დადასტურდება. პროკურატურის მტკიცებით, ივანიაძეზე პროკურორებს ზეწოლა არ მოუხდნიათ.

 

მამუკა ივანიაძე 2013 წლის 1 მაისს “ტრაქტორების საქმეზე” დააკავეს და 2 ივლისს 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 11 ივლისს მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მან გამოძიებას ჩვენება სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მისცა.

 

“დაკავებისთანავე, პირველი 4 საათის განმავლობაში მაიძულებდნენ, რომ ჩვენება დავით კირვალიძის წინააღმდეგ მიმეცა. ჩემზე ზეწოლა იმიტომ გაძლიერდა, რომ დავით კირვალიძე ჩემი კლასელია და ბევრ სამსახურში გვიმუშავია ერთად,” – განაცხადა ივანიაძემ. 

დავით კირვალიძე
დავით კირვალიძე