პოლიციის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის რისკის შეფასება კვლავ პრობლემურია – ლომჯარია

დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ღონისძიება გიორგი მარგველაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში გამართა.

სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა 2017 წელს პარლამენტის მიერ „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება, ასევე, ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და დაცვის ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებლის გაზრდა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე კვლავ პრობლემურია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის რისკის შეფასება და დამცავი მექანიზმების აღსრულების ეფექტიანი მონიტორინგი. მისი თქმით, შემაშფოთებელია ფემიციდის სიმრავლე.

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში 22 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 13 ოჯახში ძალადობის პირობებში იყო ჩადენილი. მაღალია მკვლელობის მცდელობის რიცხვიც, ამავე პერიოდში მომხდარი 11 შემთხვევიდან ოჯახური დანაშაულის ნიშნებით 8 შემთხვევა გამოვლინდა.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ხელი შეეწყოს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობასთან მჭიდროდ დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას- როგორიცაა ქალთა დაბალი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეკონომიკური დამოუკიდებლობის არარსებობა.

“ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ ბევრი ქალი ითმენს ძალადობას, სწორედ ეკონომიკური დამოუკიდებლობის არარსებობის გამო. სათანადოდ არ გვესმის ქალთა ხმა, მათი საჭიროებების, პრობლემების შესახებ. ვერ ვხედავთ ქალებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს და უპირველესად, სწორედ ამ მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევა,” – განაცხადა სახალხო დამცველმა და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.