ზემოხსენებულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებაში შემავალი ერთ–ერთი სუბიექტის, “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ინტერფრაქციულ ჯგუფის ფარგლებში მომზადებულ და პარტიებს შორის შეთანხმებულ წინადადებებს არ გაითვალისწინებს (რომელშიც პარტიების დაფინანსების გაზრდის საკითხიც შედის), ოპოზიციური სპექტრი სამოქმედო გეგმას დასახავს:
“ჩვენ ამ ოთხშაბათს გვექნება საპროტესტო აქცია ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან და ამის შემდეგაც გაგრძელდება პროცესები. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე პარტიის ერთობლივი ვიზიტი, რომელიც შედგება ბრიუსელში და სტრასბურგში და მოხდება იქ ადგილზე ინფორმირება. ასე რომ, საკმაოდ ინტენსიური ზეწოლის განხორციელებას ვაპირებთ”, – ამბობს კუკავა “ნეტგაზეთთან” საუბარში.
“ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ვიქნებით ძალიან აქტიურები, რას დავგეგმავთ, ამას ერთობლივად გადავწყვეტთ. გამოჩნდება, პროტესტის როგორი ფორმები იქნება გამოყენებული. არაფერის გამოვრიცხავ, მათ შორის არც აქციებს, მაგრამ არჩევნების ბოიკოტის მომხრე არ ვართ. არ ვაპირებთ ბოლომდე დავუტოვოთ ბურთი და მოედანი “ქართულ ოცნებას” და ნაციონალურ მოძრაობას. მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ძალიან სურთ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის მტკიცებით, 9 ივლისს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის შიგნით პარტიებს შორის შედგა შეთანხმება საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების საბიუჯეტო საბაზისო დაფინანსება ორმაგდებოდა და 300 ათასი ლარი ხდებოდა, ხოლო რამდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას, მაგალითად, ედპ–ს, ლეიბორისტებს, “ქართულ დასსა” და “თავისუფალ საქართველოს”, რომლებიც ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან, 150 ათასლარიანი დაფინანსება გადაეცემოდათ, თუმცა შეთანხმება “ქართულმა ოცნებამ” ჩაშალა და ამ საკითხის განხილვა არა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, არამედ არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის გადადო. ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, ინტერფრაქციული ჯგუფს შორის გაფორმებული და შემდეგ ჩაშლილი შეთანხმება, დაფინასნების გარდა, კიდევ დაახლოებით 4–5 საკითხს ეხებოდა:
“აქ საუბარი არის ორ კანონპროექტზე, ეს არის საარჩევნო კოდექსი და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობა, რომელშიც იყო რამდენიმე თემაზე საუბარი. ასეთი თემებია: ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვა, რეკლამისა და აგიტაციის წარმოების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, პარტიების დაფინანსების მიდგომები. ასევე, არჩევნების დღის პროცედურები, პარტიათა აუდიტის წარმოება და ასე შემდეგ, მოკლედ დაახლოებით 4–5 თემაა სულ, რომელიც თავმოყრილი იყო ამ ორ კანონპროექტში. ორივე კანონპროექტი ახლა გაჩერებულია სრულად და მერე დაიწყეს მისი გაკრეჭვა, რაღაცების დატოვება, რაღაცების ამოღება და ასე შემდეგ. დღესდღეობით, რომელი კანონპროექტის ინიცირება ხდება პარლამენტში, რა დარჩა და რა არ დარჩა იქიდან, არ ვიცი. მე ვიცი ის, რაც 9 ივლისს ინტეფრაქციულ ჯგუფში იქნა მიღებული, როგორც შეთანხმება და რაზედაც ჩვენ მოვაწერეთ მემორანდუმზე ხელი. იმის მერე რა ხდება, არ ვიცით, იმიტომ, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა აღარ ყოფილა”, – აცხადებს კაციტაძე და დასძენს, რომ ამ კანონპროექტების ინიცირება “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემდეგ გაჩერდა:
“ 9 ივლისს მუშაობა დავასრულეთ, 10 ივლისს, საღამოს მემორანდუმი ქუთაისში იყო ხელმოწერილი, 11 ივლის ეს ორი ინიციატივა დარეგისტრირდა პარლამენტში, 15 ივლისს უნდა გასულიყო ბიუროზე და 18 ივლისს პოლიტსაბჭომ გააჩერა. შეთანხმებული და მემორანდუმით გაფორმებული ინიციატივები უნდა აღდგეს და დაიწყოს მისი იმპლემენტაცია პარლამენტში. ვერ ვხედავ საფუძველს, რატომ არ უნდა აღდგეს, მაშინ რისი მაქნისი იყო ის ინტერფრაქციული ჯგუფი? ჩვენ რაღაცაზე ვთანხმებით და მერე ურეკში იცვლება “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოზე. მეორე, უნდა აღდგეს მოლაპარაკებები იმიტომ, რომ კიდევ ბევრი თემებია განსახილველი”, – ამბობს კაციტაძე.
დღეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა საარჩევნო გარემოს ირგვლივ არსებულ შენიშვნები საერთაშორისო და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნეს. საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს წარმომადგენელი ეკა გიგაური ამბობენ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა გაუმართლებელია. არასამთავრობო სექტორის რეკომენდაცია საარჩევნო საკითხებზე მოლაპარაკებების გაგრძელებაა.
არასაპარლამენტო პარტიების ერთი ნაწილი პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს, ხოლო მეორე ნაწილი, მაგალითად, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ მისთვის მთავარი პრობლემის მოგვარებაა და ივანიშვილთან შეხვედრა თვითმიზანი არ არის.
უცნობია, შეხვდება თუ არა პრემიერ–მინისტრი პოლიტიკურ პარტიებს, მან 19 ივლისს განაცხადა, რომ ამ საკითხს შეისწავლის და თუ საჭიროდ ჩათვლის, არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვდება და მათთან საარჩევნო საკითხებს განიხილავს.
ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, 9 ივლისს შეთანხმებული წინადადებები პარლამენტში იმის გამო არ შევიდა განსახილველად, რომ მას სამმა პარტიამ: ქდმ–მ, დემოკრატიულმა მოძრაობამ და “მწვანეებმა’ ხელი არ მოაწერს. არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი ქუცნაშვილის ამ განცხადებას სერიოზულად არ მიიჩნევენ. მამუკა კაციტაძის თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა გადააყოლო ის დოკუმენტი, რომელსაც ხელს 20 პარტია აწერს, 2–3 პარტიის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს. ამასთან, მისივე თქმით, არავინ იცოდა, რომ მემორანდუმზე ხელის არმოწერა დოკუმენტის ჩაგდებას ნიშნავდა.
არასაპარლამენტო ოპოზიციის შენიშვნებს დღეს ქუცნაშვილმა კიდევ ერთხელ უპასუხა. მან ქუთაისში ჟურნალისტებს ის დაგეგმილი ცვლილებები გააცნო, რომლის შეტანაც ადმინისტრაციული რესურსების შეზღუდვის მიზნითაა დაგეგმილი საარჩევნო კოდექსში. ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტში ინიცირებულია 5 კანონპროექტი, რომელიც სწორედ ამ საკითხებს ეხება:
“თუ ვინმეს ჰგონია, რომ საარჩევნო გარემო მხოლოდ საბაზისო და საბიუჯეტო დაფინანსების ზრდისაგან შედგება, მაშინ ძალიან ცდება, ან მისი მხრიდან შეგნებულად აქვს ადგილი იმის მცდელობას, რომ თავისი ეკონომიკური ინტერსები სხვა თემით გადაფაროს. თქვენ მოგეწოდათ ინფორმაცია ყველა იმ ცვლილებაზე, რომელიც შედის და დაასახელონ ნორმა, რომელიც ჩვენ მოგვყავს და არ აუმჯობესებს გარემოს”, – განაცხადა მან.
“თუ არ გაითვალისწინეს ის ჩვენი შეთანხმებული ვერსიები, რაზედაც გვქონდა საუბარი, გავაგრძელებთ მოქმედებას. ხოლო თუ ისე მოხდა, რომ ბოლო–ბოლო საარჩევნო გარემოს ავტორი და მომწონებელი მხოლოდ “ქართული ოცნება” იქნა, მაშინ ეს იქნება იმ ზღაპრების და სიმღერების გადამღერება, რაც თავის დროზე ხდებოდა, რომ მოქალაქეთა კავშირს თავის საარჩევნო გარემო მოსწონდა, ნაცმოძრაობას თავისი საარჩევნო გარემო მოსწონდა, “ქართულ ოცნებასაც” თუ მოეწონა თავისი საარჩევნო გარემო, მე ვფიქრობ, რომ ის დაადგება მოქალაქეთა კავშირისა და ნაცმოძრაობის გზას, რაც თავისთავად პოლიტიკისთვის ცუდი არ არის, მაგრამ ცუდია პროცესების განვითარებისთვის და სახელმწიფოსთვის. თუ არ იქნა გათვალისწინებული შეთანხმება და თუ გაგრძელდა იგნორირება არასაპარლამენტო ოპოზიციისა, ჩვენ ვიმოქმდებთ და ეს კონკრეტულ რეზულტატამდე მივა”, – ამბობს მამუკა კაციტაძე.
