ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტში უკვე ინიცირებულია 5 კანონპროექტი, რომელთა ცვლილებების შეტანას “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში და საარჩევნო კოდექსში ითვალისწინებს. პარტიებისთვის იზრდება საჯარო ღონისძიების მოწყობის შედეგად ნებადართული შემოსავლების ოდენობა- 60 ათასი ლარიდან 300 ათას ლარამდე. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, შემოწირულობის უფლება უბრუნდება საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს იმ აუცილებელი პირობის დაცვით, რომ მისი პარტნიორები და საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ. 

შეზღუდვები შემოდის ადმინისტრაციული რესურსის და პოლიტიკური  კორუფციის საწინააღმდეგოდ: კერძოდ, შემომწირველი არ შეიძლება იყოს იურიდიული პირი, რომელსაც წინა კალენდარული წლის, ან საარჩევნო წლის კენჭისყრის დღემდე, ფაქტობრივი შემოსავლების 15%-ზე მეტი მიღებული აქვს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებით. შემომწირველი ასევე არ შეიძლება იყოს ის იურიდიული პირი, რომლის პარტნიორი სახელმწიფო, ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოა, თუნდაც 1%-იანი წილობრივი მონაწილეობით.

ზაქარია ქუცნაშვილი

 

რაც შეეხება მოქალაქის მიღებული შემოწირულობის საერთო რაოდენობას წელიწადში, ის არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს, ხოლო იურიდიული პირისგან- 120 ათას ლარსს.

4%-დან 3 %-მდე მცირდება საპარლამენტო არჩევნებში პარტიების დაფინანსების ბარიერი. ბიუჯეტიდან პარტიებზე გადასანაწილებლად გამოყოფილ თანხას აიღებს ის პარტია, რომელიც უკანასკნელ საპარლამენტო, ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში გადალახავს 3%-იან ბარიერს.

ქუცნაშვილის თქმით, პარტიას უფლება ეძლევა ყოველ კალენდარულ წელს, თავისი საქმიანობის უზრუნველსაყოფად, აიღოს კრედიტი 1 მილიონი ლარის ოდენობით. ეს უფლება მას მხოლოდ არჩევნების წელს, ისიც მხოლოდ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემდეგ წარმოეშობოდა.

ორჯერ მცირდება პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში დასაშვები ხარჯის საერთო ოდენობა. ის არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1%-ს.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, ცვლილებები ხორციელდება ქალთა საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით. კერძოდ, პარტია მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში ქალები  წარმოდგენილი იქნებიან სულ მცირე 30%-ით.

ცვლილებების მიხედვით, აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება, პარტიის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის ჩატარებაზე ნებართვის მისაღებად მიმართოს სასამართლოს.

შემოწირულობის განსახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის ფინანსების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვისთვის აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება მოიპოვოს თანხმობა. 

ქუცნაშვილის თქმით, ზუსტდება სასამართლო მექანიზმები აუდიტის სამსახურის მიერ უკანონო შემოწირულობის თუ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციული სამართადარღვევის ოქმის დადასტურების საკითხებზე.

პარტიების შემოსავლებისა და ხარჯების გამჭირვალობის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაცია თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

პარტიის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობის უფლება კვლავ უბრუნდება სასამართლოს კომპეტენციას.

ცვლილებები შეეხება საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულობის/საწევრო შენატანის მიღებისთვის, ან დამალვისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობასაც. კერძოდ, ჯარიმების ხუთმაგი ოდენობა ორმაგამდე მცირდება.

ასევე, მცირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი და კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის დადგენილი 5 000- ლარიანი ჯარიმის ოდენობა – ფიზიკური პირებისთვის 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისათვის -2 000 ლარით.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, არჩევნებისთვის იზრდება საოლქო და საუბნო კომისიებში, როგორც საინიციატივო ჯგუფის, ასევე, პარტიების მიერ დანიშნული ორ-ორი წარმომადგენლის შრომის ანაზღაურების ოდენობა (73 ოლქი და 3700 უბანი).

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იმ კანდიდატს, ვინც მოიპოვებს მონაწილეთა 10%-ს და მეტ ხმებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული და დასაბუთებული ხარჯი 1 მილიონი ლარის ოდენობით.

ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება პარტიულ საქმიანობას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს და განავითარებს:

“ამ შეზღუდვების მოხსნა ხელს შეუწყობს პარტიული საქმიანობის განვითარებას, იმიტომ, რომ პარტიული საქმიანობა ფინანსების გარეშე არის შეუძლებელი, ისევე, როგორც გაუმართლებელი ადმინისტრაციული შეზღუდვების პირობებში ძალიან რთულია. ამიტომ, ერთი მხრივ, შეზღუდვების მოხსნა, ხოლო მეორეს მხრივ, ამ წნეხის და ზეწოლის მოხსნა, რაც გამოიხატება უაზრო ჯარიმებში, უაზრო დეკლარაციებში, უაზრო შემოწმებებში, აი, ამ ორი რამის მოხსნა, ვფიქრობ, პარტიულ საქმიანობს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს და განავითარებს.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *