პროკურატურა ციანიდის საქმეზე პროცესების დახურვას სააპელაციოშიც მოითხოვს

დღეს, 6 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვას იწყებს.

პროცესის დაწყებამდე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვენ, ხოლო პროკურატურამ განაცხადა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ეთანხმებიან იმის შესახებ, რომ მამალაძემ ციანიდი შეიძინა და შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ამზადებდა.

პროკურატურა საქალაქოს გადაწყვეტილებას მოტივის ნაწილში ასაჩივრებს და აცხადებს, რომ მამალაძეს შურისძიებისა და ანგარების მოტივი ამოძრავებდა.

პროკურორ გიორგი გუბელაძის განცხადებით, ისინი საპელაციო სასამართლოშიც მოითხოვენ სხდომების დახურვას: “დავაყენებთ შუამდგომლობას სასამართლო პროცესების დახურვასთან დაკავშირებით, რადგან ისევ არსებობს როგორც პროცესის მონაწილეების, ისევე მართლმსაჯულების ინტერესების დაცვის მიზანი.”

[red_box]ე.წ. ციანიდის საქმე – ყველა ამბავი[/red_box]

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.