ახალაიას, კალანდაძისა და სხვების სასამართლო გადაიდო

პროცესზე უკვე დასრულებულია მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა, დარჩენილია მხოლოდ მხარეთა შემაჯამებელი სიტყვების მოსმენა. დაცვის მხარე თავის შემაჯამებელ სიტყვას 27 ივლისს წაიკითხავს.

 

საქმეში, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო რამდენიმე თვეა განიხილავს, ბრალდებულია 7 პირი: ბაჩანა ახალაია, გიგი კალანდაძე, გაგა მკურნალიძე, ზურაბ შამათავა, მანუჩარ დარასელია, გიორგი კინწურაშვილი და მერაბ კიკაბიძე. საქმის მასალები რამდენიმე ტომისგან შედგება.

 

ბაჩო ახალაის ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება(სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი), თავისუფლების უკანონო აღკვეთა(სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), წამება (114–ე პრიმა მუხლი).

 

აღნიშნულ საქმეში გაერთიანებულია ორი სისხლის სამართლის საქმე: ერთი ეხება თავდაცვის სამინისტროში, ახალაიას

 

კაბინეტში ჯარისკაცებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას(ე.წ. ვაშლის თლის ეპიზოდი), მეორე კი, ერთ–ერთ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა წამებას. ახალაია და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ ჯარისკაცთა ფიზიკური მომზადების პროცესი პროკურატურამ მიზანმიმართულად, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მიიჩნია წამებად.