ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე არასრულწლოვანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოზარდებს შორის დაპირისპირება 1 დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვანებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ორი მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე დაჭრილი კი შემთხვევიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული, რომელთაგან ერთი პატიმრობაში იმყოფება, მეორეს კი ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, დღეს პროკურატურამ ბრალი კიდევ სამ ადამიანს წაუყენა.