ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 წლის მოსაწავლეების განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, ხოლო დარბაზში მყოფი მოზარდი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მეორე ბრალდებული მიმალვაშია – მას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი საგამოძებო უწყებამ.

მკვლელობაში ბრალდებული ორი მოზარდის გარდა, ამავე საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულებს ბრალი დანაშაულის დაფარვაში ედებათ. ისინი ამ დროისთვის გამოკითხვაზე იმყოფებიან, ხოლო ბრალი სავარაუდოდ საღამომდე უნდა წარედგინოთ. სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა არ გამორიცხა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა რაოდენობა გაიზარდოს, ზოგიერთს კი სტატუსი შეეცვალოს.

პროკურატურის მიერ 3 დეკემებერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, პირველი კონფლიქტის დროს, N51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს- თ.ჩ-ს და ა.ს-ს გაკვეთილებს შორის არსებულ შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც ამ უკანასკნელების უკმაყოფილება მოჰყვა და გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში. სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძე კი აცხადებს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი იაფასიანი სათამაშო თოფი და არა პნევმატური იარაღი.

“ეს იყო იაფასიანი ძალიან, სათამაშო თოფი. ეს არ იყო პნევმატური იარაღი, ჩვენი ინფორმაციით. თუმცა ველოდებით გამოძიებას. ვიზიარებთ იმ პასუხისმგებლობას და არ გავურბივართ ამას, რა თქმა უნდა.  არ ხდებოდა ისეთი რამ, რომ შეენიშნათ მანდატურებს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ გაკვეთილების დასრულების შემდეგ გავიდნენ სკოლიდან – ამას დაგიდასტურებენ პედაგოგები და კამერების ჩანაწერები,” – განუცხადა “რუსთავი 2”-ს თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ.

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის, ხათუნა ბარამიძის თქმით, სისტემატურად არ უტარდებოდათ მოსწავლეებს ჩხრეკა, რადგან ეს პროცესი მხოლოდ დადასტურებული ეჭვის შემთხვევაში ტარდებოდა: “პერმანენტულად მიმდინარეობს ჩვენთან ასეთი პროცესები. მათზე ეჭვი არ გვქონია, თუმცა 100%-ით ვერაფერს გამოვრიცხვთ.”

ხათუნა ბარამიძის განცხადებით, ის მოზარდი, რომელიც დაუსწრებლად მისცა პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ნამდვილად მისი სკოლის მოსწავლეა, თუმდა მკვლელობის დროს სასწავლო დაწესებულებაში არ გამოცხადებულა. დირექტორის თქმით, როდესაც ასეთ არაადამიანურ ქმედებას ჩაიდენ, აღარ შეიძლება განიხილებოდეს, როგორი და რანაირი ადამიანი იყო ის მანამდე: “არ გვაინტერესებს ეს. ფაქტი მოხდა – საშინელება ჩაიდინეს.”

ხათუნა ბარამიძე მისი სკოლის მოსწავლეებს მოუწოდებს, რომ თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ, ითანამშრომლონ გამოძებასთან. პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი, მისი სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების სახელით, უსამძმრებს მოკლული ბავშვების ოჯახებს, მეგობრებსა და 51-ე საჯარო სკოლას. პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი მოუწოდებს ჩხუბის ყველა მონაწილეს, ვისაც ირიბად ან პირდაპირ აქვს შეხება ამ საქმესთან, აქტიურად ითანამშრომლონ გამოძებასთან, რადგან ყველა დეტალი შეიძება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი.