ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1 დეკმებერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე უწყებამ კიდევ 3 პირი დააკავა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულებს ბრალი დანაშაულის დაფარვაში ედებათ.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ-სთვის, ასევე, მისი შვილების – ლ.კ-სა და მ.კ-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა არასრულწლოვანმა გ.ჯ-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის.

რაც შეეხება მოქალაქეებს – ლ.კ-ს და მ.კ-ს, მათ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა, გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება კიდევ ორ დაკავებულს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ხელი შეუწყეს ბრალდებულის მიმალვას.

“ზემოაღნიშნულის გარდა, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მოქალაქეებმა – გ.შ-მ და ზ.წ-მ ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ-ს მიმალვას. შესაბამისად, მოქალაქეები გ.შ. და ზ.წ. დაკავებული არიან დანაშაულის დაფარვისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს” – ამბობენ შსს-ში.