მოზარდების ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამა თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამაა, საგამოძიებო უწყებას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართავს.

მირზა სუბელიანის განცხადებით, გარკვეულმა ჯგუფემა მისი სახელი და გვარი დაუკავშირა ამ შემთხვევას და შეგნებულად დაამახინჯა ფაქტები. მირზა სუბელინი აცხადებს, რომ მისი შვილი მხოლოდ შემსწრეა ფაქტის და არა ჩხუბის მონაწილე, თუმცა იმას, რომ ა.ს. მოზარდებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი ორგანიზატორია, თავად პროკურატურის განცხადება ადასტურებს.

“პირველ რიგში, მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა დატრიალებული ტრაგედიის, ორი მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარი ვუთხრა მათ მშობლებსა და მეგობრებს. გამაოგნებელი და უაღრესად შემაშფოთებელია ახალგაზრდებს შორის მსგავსი დაპირისპირება და ის ტრაგიკული შედეგი, რამაც მთელი საზოგადოება და მათ შორის მეც შოკში ჩაგვაგდო.

ჩემდა სამწუხაროდ, ამ უმძიმეს შემთხვევას ადამიანების გარკვეულმა ჯგუფებმა ჩემი სახელი და გვარი დაუკავშირეს, შეგნებულად დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია. მინდა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვმარტო, რომ ჩემს შვილთან ერთად, რომელიც ნამდვილად იყო შემსწრე მომხდარი უბედურების, პირველ დეკემბერსვე გამოვცხადდი პოლიციის სამმართველოში, ჩემმა შვილმა გამომძიებლებს მისცა ამომწურავი ჩვენება და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

იმის მიუხედავად, რომ ჩემი შვილი ამ საქმეში მოწმეა, რადგან არ მინდა ჩრდილი მიადგეს გამოძიების ობიექტურობას, რაც უპირველეს ყოვლისა ჩემი ოჯახის ინტერესებშია, მე მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაინც დაასრულებენ სპეკულაციებს და საგამოძიებო ორგანოს ნორმალურ გარემოში ექნება შესაძლებლობა დაადგინოს ჭეშმარიტება. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე ძალიან მალე დადგინდება და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს ამომწურავ პასუხს,” – ნათქვამია მირზა სუბელიანის განცხადებაში.

ნეტგაზეთი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ცდილობდა გარკვევას, დააკმაყოფილებენ თუ არა მირზა სუბელიანის მოთხოვნას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ აქვთ.