ყოფლი ცოლის მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის გამო პროკურატურამ პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმისა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე  პირს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით,  ყოფილ მეუღლეებს ბ.ბ-ს და ნ.კ-ს შორის სამართლებრივი დავის დასრულებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, 2017 წლის 30 ნოემბერს, საღამოს საათებში, ბ.ბ. მის ყოფილ მეუღლეს ნ.კ-ს დახვდა ქ. თბილისში, ლუბლიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში მდებარე მის საცხოვრებელ ბინასთან და იარაღის მუქარით სთხოვდა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული სრული თანხის  დაუყოვნებლივ გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.  გამოძიების ცნობით, რამოდენიმე წუთის განმავლობაში ბ.ბ. ნ.კ-ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და იარაღით ემუქრებოდა, ამ უკანასკნელის დასახმარებლად გამოსულ მეზობლებს კი არ მისცა ნ.კ-ს დახმარების საშუალება, რის გამოც მეზობლებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.

“შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ბ.ბ-ს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთათვის დამორჩილება, რის საპასუხოდაც ბ.ბ-მ განახორციელა გასროლა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მისამართით. ბ.ბ-მ სახის მიმართულებით, დამიზნებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მის ყოფილ მეუღლეს ნ.კ-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად დაეცა უგონოდ. ბ.ბ-მ კვლავ გააგრძელა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიმართულებით გასროლა. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან გახსნილი საპასუხო ცეცხლის შედეგად ბ.ბ. დაიჭრა,”-წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.