ახალი ამბები

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრილი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა

2 დეკემბერი, 2017 • 2634
ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრილი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრილი არასრულწლოვნის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც “ნეტგაზეთს” რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, დავით ლოლაძის განცხადებით, დაჭრილ მოზარდს სამი ოპერაცია გაუკეთდა.

“პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. შემოსვლიდან ამ დრომდე მიმდინარეობს მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება. ამისთვის ტარდება რეამინაციული ღონისძიებები. პაციენტს გაუკეთდა სამი ოპერაცია. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს ჰქონდა სისხლის უდიდესი დანაკარგი. შემოსვლიდან ამ დრომდე, მიმდინარეობს სისხლის კომპონენტების მუდმივი ინფუზია, ანუ გადასხმა. ამის  მიუხედავად, სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება. არის არასტაბილური ჰემოდინამიკით უმძიმესი მდგომარეობა,”-აცხადებს ექიმი.

გუშინ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს, დაჭრილები სასწრაფო დახმარების სამსახურმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  სსკ-ს 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი