,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილელების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად ცვლილებები შედის ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 155-ე მუხლში, რომელიც ალკოჰოლური სასმელების ვაჭრობის წესების დარღვევას ეხება.
კანონპროექტის მიხედვით, ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოთა მუშაკების მიერ ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.გარდა ამისა, ალკოჰოლური სასმელების საცალო ვაჭრობის ობიექტებში არასრულწლოვანისთვის ალკოჰოლური სასმელების მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისათვის თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს განთავსებული, წინააღმდეგ შემთხვევაში სავაჭრო ობიექტი 100 ლარით დაჯარიმდება. რაც შეეხება ალკოჰოლური სასმელის არასრულწლოვანისთვის მიყიდვას, ასეთ შემთხვევაში სავაჭრო ობიექტი 500 ლარით დაჯარიმდება. იმავე წლის განმავლობაში ჩადენილი იგივე დარღვევა მაღაზიებს 1000 ლარი დაუჯდებათ.
კანონპროექტი ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 170 -ე მუხლშიც, რომელიც არასრულწოლოვანთა დათრობას კრძალავს. კერძოდ, მშობლების, ან სხვა პირთა მიერ არასრულწლოვანის დათრობა 300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
