შსს: 2017 წელს ოჯახში ძალადობის გამო გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა

2017 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 137 შემაკავებელი ორდერი გამოსცა ოჯახში ძალადობის საკითხზე.

შსს-ს ცნობით, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 260-ით გაიზარდა გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა,  ხოლო 2013 წელთან შედარებით – 2 910-ით.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით განხორციელებული მუშაობის შეფასებისას განაცხადა, შემაკავებელი ორდერების რაოდენობა იზრდება.

[checklist]

[/checklist]

მინისტრის მოადგილის თქმით, 2017 წლის ივლისიდან შემაკავებელი ორდერი აღარ საჭიროებს სასამართლოს დამტკიცებას მისი გამოცემისთვის და ამას პოლიცია აკეთებს, რაც მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ღონისძიებაა.

ნინო ჯავახაძის თქმით, რამდენად ეფექტურია შსს-ს მიერ გატარებული ღონისძიებები, ამას აფასებს სამინისტროში შექმნილი ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისია, რომელიც განიხილავს, რამდენად ეფექტურად მუშაობს სამინისტრო ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად, რა ხარვზებია და რა საჭიროებს გაუმჯობესებას.