საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას.
“პირველ რიგში, მე მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს. ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად თავის სიცოცხლეს წირავენ და რისკის ქვეშ ამყოფებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცულნი. მადლობა მინდა ვუთხრა იმ საგანგებო დანიშნულების ქვეგანყოფილებას, ყველა ჯგუფს, რომელიც ამ დღის განმავლობაში მუშაობდა უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ერთი მხრივ, ოპერაციის ჩატარებაზე, მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეების გარიდებაზე საშიშროების ზონიდან, მათ მშვიდად გამოყვანაზე. ეს არის გმირობის მაგალითი, რომელსაც ჩვენი საგანგებო დანიშნულების მებრძოლები ახორციელებდნენ. სამწუხაროდ, ამ მომენტში არიან ხოლმე დაჭრილები და არიან გარდაცვლილები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, სპეოპერაციასთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს არ გავაკეთებს.
“უფრო პოლიტიკური შინაარსი აქვს ამ ყველაფერს. დასრულდა ოპერაცია, მაგრამ ყველა ასეთი შემთხვევის შემდეგ ჯანმრთელია პოლიტიკური სისტემა, რომელიც შესაბამის დასკვნებს აკეთებს. ჩვენ ვხედავთ ვითარებას, რომ ის მიამიტური განცდა, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაცა კრიზისი გადაიზარდოს ბევრად უფრო რთულ ვითარებაში, რომ საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება ასეთ ვითარებაში, არა მხოლოდ ოპერატიულ ნაწილში… დიდი მადლობა გადავუხადე, ვინც მოქმედებდა, მაგრამ კოორდინირებული მოქმედება… თუ ვინმე ფიქრობს, რომ არაა საჭირო უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომელიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომ კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემაში არ გადაიზარდოს, ალბათ, ამ მიამიტურ განწყობებს ძალიან ნათელი პასუხი გაეცა. შეაფასეთ რეალობა და კიდევ ერთხელ შეხედეთ რეალობას. არ გინდათ მიამიტური სათვალეები. რეალობასთან მიმართებით შეაფასეთ, რა რისკები და გამოწვევები აქვს დღეს საქართველოს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.