“თქვენ იცით, რომ მინისტრიც ბლოგერია და მას აინტერესებს მოისმინოს რჩევები”, – უთხრა “ნეტგაზეთს” სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი მოლოდინმა და დასძინა, რომ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება კამპანიას, რომელიც ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი ბლოგერი გახდა. თეა წულუკიანის ბლოგზე პირველი ჩანაწერი 5 ივლისს გაჩნდა, სადაც მინისტრი საქართველოს მოსახლეობას შრომის ახალი კოდექსის მიღებას ულოცავს, თავის მოსაზრებებს გამოთქვამს ახალი კოდექსის შესახებ და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
მინისტრის აზრით, დღეისათვის ბლოგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საზოგადოებასთან პირდაპირი და გულწრფელი ურთიერთობისათვის და ყველა მნიშვნელოვან ფაქტსა თუ მოვლენასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება ამ ფორმითაც გაანდოს საზოგადოებას.
„გადატვირთული დღის რეჟიმის გამო ხშირად ვერ ვახერხებ ამა თუ იმ საკითხზე კომენტარის გაკეთებას. თუმცა არის თემები, რომელთა შესახებაც მინდა საზოგადოებას ჩემი დამოკიდებულებები და მოსაზრებები გავუზიარო. მგონია, რომ ბლოგი ამის საშუალებას მომცემს”, − აცხადებს თეა წულუკიანი.
იუსტიციის მინისტრის პირველი ბლოგი შრომის კოდექსზე ასე მთავრდება:
“გუშინ ერთ-ერთი ბანკის ფილიალში პირად საქმეზე შევედი. სალაროში ახალგაზრდა ქალბატონმა ღიმილით მთავრობას მადლობა გადაუხადა შრომის კოდექსისათვის და მკითხა:
− და ახლა რას ვაკეთებთ, ვიწყებთ მუშაობას ქალთა უფლებებისთვის?
− დიახ, ქალბატონო!”
