„უმაღლესი განათლების შესახებ” კანონპროექტს დღეს მეორედ მოისმენენ

განათლების,მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუკრი ქანთარია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ კანონპროექტის იმ მუხლზე, რომელიც პრემიერს უფლებას აძლევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნოს, მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს:

 

„საღამომდე ეს ყველაფერი უფრო დაზუსტდება, დღის წესრიგში არის შეტანილი და ვნახოთ. იქ სხვა მუხლებია ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი. შეიძლება პრემიერმა არ დაამტკიცოს, მაგრამ არც საბჭო უნდა იყოს უფლებამოსილი. ჩვენ კარგად ვიცით, აი, ამ საბჭოების შექმნის თავგადასავალი, როგორ შეიქმნა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ აქ მოიძებნება კონსესუსი. მიმდინარეობს მსჯელობა და დავაზუსტებთ.“

 

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.”

 

“კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ”.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას”.