„ვერ გაუმკლავდება „ქართული ოცნება“ მარტო იმ პრობლემებს, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშეა. არაფერი არ შეიცვლება იმით, მარგველაშვილი იჯდება განათლების მინისტრის სავარძელში თუ პრეზიდენტის სავარძელში. ამით ძალა, გამოცდილება და ენერგია „ქართულ ოცნებას“ არ შეემატება. თქვენი გვერდით დგომით, ჩვენი გვერდით დგომით ნამდვილად შეიძლება „ქართული ოცნების“ და ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება და ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერი და ბურჯანაძე პრეზიდენტი ქვეყნისათვის იქნება ძალიან სერიოზული გარღვევა, ამას რაც უფრო მალე მიხვდებიან სხვები, მით უკეთესი,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
დღესვე მან საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი არასწორად მიმდინარეობს:
ნინო ბურჯანაძემ დღეს მოქმედი ხელისუფლება სხვა მხრივაც გააკრიტიკა. მისი თქმით, არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელსაც ახალი მთავრობა ვერ ერევა. მათ შორის, სოციალური და ეკონომიკური. ბურჯანაძე საგარეო პოლიტიკასაც შეეხო:
„ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს საგარეო პოლიტიკა. ძახილი იმის, რომ ნატოში შევალთ და ევროკავშირში შევალთო, ჩვენ ბავშვები არ ვართ და აღარ გვატყუებს. კარგა ხანი გავიდა უკვე. რეალურად საგარეო პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც გვითხრა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება არის ჩემი პრიორიტეტი, ისიც ვერ მოახერხა რუსეთთან, რომ საზღვარი არ გადმოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე. როცა მე მეუბნებიან, პანიკაში ნუ ჩავარდებიო, მე პირდაპირ გეტყვით, მეგობრებო, ვერ შევხედავ მშვიდად, როდესაც ჩემი ქვეყნის მიწაზე სამასი მეტრით გადმომიწევენ დროებით საზღვარს, გამიკეთებენ მავთულხლართებს და სოფელს გამიყოფენ. ეს არის უუნარობა, რომელსაც, სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” ხშირ შემთხვევაში ამჟღავნებს,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
