ვალუტის გადამცვლელ ჯიხურზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

შსს-ს ცნობით, პირი, რომელიც თბილისში ყაჩაღურად თავს დაესხა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს, ზუგდიდში დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, 29 წლის პ.დ. 15 ნოემბერს თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ყაჩაღურად თავს დაესხა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს, ტყვიაგაუმტარი შუშის მიმართულებით ერთხელ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).