სამთავრობო ცვლილებების პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები სერგი კაპანაძისგან

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი სერგი კაპანაძე სამთავრობო ცვლილებებს აფასებს. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

გთავაზობთ სამთავრობო ცვლილებების მოკლე შეფასებას. ოღონდ, მანამდე უნდა ვთქვათ, რომ სრული შეფასებისთვის უნდა გავიგოთ, რაში დაიხარჯება ის თანხები, რაც გამოთავისუფლდება სამინისტროების შემცირებით. თუ ეს თანხები დაიხარჯა ისევ ბიუროკრატიულ აპარატზე და სამინისტროები კი არ გაუქმდა, არამედ მექანიკურად შეერწყა, მაშინ აზრი არ აქვს ასეთ გაუქმებას. თუ თანხები გამოთავისუფლდა, მაშინ ის მიმართული უნდა იყოს, ერთი მხრივ, სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად და მეორე მხრივ, გადასახადების შემცირებით მიღებული დანაკლისის შესავსებად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის. ამას სულ მალე ვნახავთ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც ერთი მოხდება და არც მეორე. 

[red_box]პოზიტიური[/red_box]
– სპორტის და ახალგაზრდობის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ნამდვილად გასაუქმებელი იყო.

– ჯეჯელავა მინისტრი აღარ იქნება.

– აღარც უაღრესად სუსტი მღებრიშვილი.

[red_box]ნეგატიური[/red_box]

– ბატონი ბახტაძე, უნდა გვახსოვდეს, რომ ხელმძღვანელობდა ბოლო წლების ყველაზე წარუმატებელ უწყებას – რკინიგზას. მისი ხელძღვანელობის პერიოდში, 2013-2016 წლებში, წინა სამ წელთან შედარებით რკინიგზის მოგება სამჯერაა შემცირებული და 87 მლნ დოლარზეა ჩამოსული. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობისას, 2015 წელს, რკინიგზამ ზარალი (!!!) ნახა, რაც უპრეცედენტოა ბოლო წლებში. შესაბამისად, მისი ფინანსთა მინისტრობა რატომ იქნება წარმატებული, ჩემთვის გაუგებარია.

– სუსი ისევ გაძლიერდა, ამჯერად საგარეო დაზვერვის შერწმის შედეგად. არადა, ეს უწყებაა, პირველ რიგში, გასაუქმებელი/შესამცირებელი.

– ევროპული და ევრო-ატლანტიკური საკითხების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქცია ევროკავშირისთვის საჭირო შიდა რეფორმების კოორდინაცია იყო. ერთია, ამას თავს რამდენად ართმევდა ეს სამინისტრო და მინისტრი, მაგრამ მეორეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენად არის ის უწყება, რომელიც ასეთ ფუნქციას წარმატებით აიღებს თავის თავზე. შიდა რეფორმებს და საგარეო პოლიტიკას შორის ძალიან დიდი სხვაობაა.

– ბატონი გახარია, ჩემი აზრით, ერთ-ერთი წარუმატებელი მინისტრი იყო. ახლა მისი შსს-ში გადაყვანა რატომ იქნება მენეჯმენტის კუთხით გარღვევა, სრულიად გაუგებარია.

დაბოლოს:

თეა წულუკიანი რა პრინციპით დარჩა თანამდებობაზე? საინტერესოა, რა გააკეთა ამ წლების განმავლობაში ისეთი, რომ არასოდეს არაფერი ეხება.


მთავრობის სტრუქტურა შემდეგნაირად შეიცვლება:

მინისტრების პორტფელები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  1. დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მინისტრი, პირველი ვიცეპრემიერი;
  2. გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცეპრემიერი;
  3. მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრი, ვიცეპრემიერი;
  4. მამუკა ბახტაძე, ფინანსთა მინისტრი;
  5. მიხეილ ჩხენკელი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
  6. მიხეილ გიორგაძე, კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი;
  7. ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  8. დავით სერგეენკო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი;
  9. სოზარ სუბარი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
  10. ზურაბ ალავიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
  11. ლევან იზორია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
  12. თეა წულუკიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
  13. კახა კახიშვილი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი;
  14. ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.