ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძე: იონათამიშვილის წერილის შესახებ საზოგადოებას უნდა სცოდნოდა

1 ივლისი, 2013 • 980
ზურაბ ჯაფარიძე: იონათამიშვილის წერილის შესახებ საზოგადოებას უნდა სცოდნოდა

ჯაფარიძის თქმით, წერილი, რომელიც პრეზიდენტს იონათამიშვილმა მიწერა, უნდა გასაჯაროებულიყო.

 

“მე არ მგონია, რომ ეს წერილი პირადი ხასიათის იყოს. როდესაც საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდოამრე პრეზიდენტს სთხოვს ფულს რელაურად იმისთვს, რომ მან შეინარჩუნოს ერთგულება, მგონია, რომ საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს. ან პრეზიდენტს შესაბამისი ზომები უნდა მიეღო მაშინვე,”- აცხადებს ჯაფარიძე ნეტგაზეთთან საუბარში.

 

კითხვაზე, ნაციონალური მოძრაობის გარკვეული წევრების მიერ პარტიის დატოვება ნიშნავს თუ არა იმას, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” რღვევას აქვს ადგილი, ჯაფარიძე ამბობს:

 

“აქ ორი მომენტია. ეს პარტია აღარ არის სახელისუფლებო პარტია, შესაბამისად, მას ტოვებენ ის ადამიანები, რომლებიც ამ პარტიაში იყვნენ არა კონკრეტული ღირებულებების ან იდეალების გამო, არამედ იმიტომ, რომ რაღაც მერკანტილური ინტერესები ჰქონდათ. მეორე, დღეს ამ პარტიასთან ასოცირება არ არის მაინცდამაინც კომფორტული. ვინაიდან, ერთი მხრივ, არის ზეწოლა, შანტაჟი, მუქარები პარტიის რიგითი წევრების მისამართით დაწყებული, ჩვენი ფრაქციის საპარლამენტო წევრებით დამთავრებული. შესაბამისად, არიან ადამიანები, რომლებიც ამ ზეწოლას, უბრალოდ, ვერ უძლებენ. ან სხვა მერკანტილური ინტერესები აქვთ და ამ ინტერესების დაკმაყოფილებას სადღაც სხვაგან ეძებენ. ჩვენ გვაქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ზეწოლა მიმდინარეობს პარლამენტის წევრებზე, საკრებულოში. ეს ადამიანები ჩვენთან მოდიან, ყვებიან ამის შესახებ. მათ შორის არიან ადამიანები, ვინც ამას მხოლოდ გარკვეული პერიოდი უძლებენ.”

 

ჯაფარიძე აცხადებს, რომ ზეწოლა კონკრეტულ პირებზე სხვადასხვა მექნიზმით ხდება.

 

“იყენებენ ახლობლურ წრეებს, ადამიანებს უკავშირდებიან ახლობლები, ნათესავები, მეგობრები. სთხოვენ, რომ მათ შეიცვალონ პოზიციები. თუ ეს არ ჭრის, მათთან მიდიან სხვადასხვა ტიპის საგამოძიებო სტრუქტურები, ეს შეიძლება იყოს ფინანსური პოლიცია, შსს, პროკურატურა, და შემდგომ მათ წინააღმდეგ სხვადასხვა საქმის წამოწევა ხდება, ან მათი დაშანტაჟება, ან მათი ნათესავების მეგობრების, ოჯახის წევრების.  იონათამიშვილის შემთხვევაში, ვფიქრობ, სურათი უფრო ნათელია, და ეს ადამიანიც ადასტურებს ამას, რომ მას ჰქონდა გარკვეული ფინანსური პრობლემები. ძალიან მაღალი ალბათობით მან შეძლო ამ პრობლემების გადაჭრა სხვაგან, რადგან მან ვერ მოახერხა მათი გადაჭრა პრეზიდენტის დახმარებით.” 


დღეს, 1 ივლისს, მას შემდეგ, რაც კოკი იონათამიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა წერილი, რომლის თანამხმადაც კოკი იონათამიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კომპანია შპს საბურთალო 2007–ში კუთვნილი 2 პროცენტის გასხვისებაში დახმარებას სთხოვს და წილის გასხვისების სანაცვლოდ 100 ათასი დოლარის მიღება სურს.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი