საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნება საფრთხის ქვეშ – რა იცვლება კანონპროექტით

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (GNCC) სურს, მაუწყებლებმა თავიანთი შეკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევა მხოლოდ მისი სანდოობისა და ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ გამოაქვეყნონ. ამ ინიციატივას ტელეკომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ნეგატიურად აფასებს და აცხადებს, რომ შესაძლოა მომავალში საერთოდ შეიკავონ თავი კვლევის დაკვეთისა და გამოქვეყნებისგან.

GNCC-ის მიერ შემუშავებული შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ 24 ოქტომბერს დაარეგისტრირა.

კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსია დღეს, 7 ნოემბერს, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ორგანიზებით გაიმართა. TI-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, მამუკა ანდღულაძემ განაცხადა,  რომ მათ მოიწვიეს GNCC-ის წარმომადგენლებიც, რომლებმაც დასწრებაზე უარი თქვეს იმ მოტივით, რომ ამავე თემაზე თავად აპირებდნენ დისკუსიის გამართვას.

რა იცვლება კანონპროექტით?

GNCC-ის მიერ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით, საარჩევნო კოდექსში შევა ცვლილება, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი მაუწყებელი ვალდებული იქნება, რომ კვლევა გამოაქვეყნოს “კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ”.  ეს შეზღუდვა არ ეხება იმ მაუწყებლებს, რომლებიც სხვისი დაკვეთით ჩატარებულ კვლევას აქვეყნებენ.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მაუწყებლებს კვლევის სანდოობისა და ობიექტურობის გადამოწმების ვალდებულება არ გააჩნიათ.

კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, ასევე მკაცრდება სანქციებიც – კერძოდ,  საზოგადოებრივი აზრის  გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების დარღვევის შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა იქნება გადასახდელი (დღეს მოქმედი კანონით, ჯარიმა 1500 ლარს შეადგენს).

“წარმოდგენილი კანონპროექტი პირიქით, უფრო ცუდ მდგომარეობაში აყენებს მაუწყებლებს. ის პრაქტიკა, რომელიც შარშან დაამკვიდრა კომისიამ და სთხოვს მაუწყებლებს, რომ გადაამოწმონ სანდოობა, ვფიქრობ, მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევროპულ გამოცდილებას,”- განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.

საერთაშორისო გამოცდილება ამ ინიციატივის ევროპულ გამოცდილებასთან შეუსაბამობაზე საუბრობს. კერძოდ, მათი განცხადებით, ევროსაბჭოს რეკომენდაციის თანახმად, მედიამ უნდა მიუთითოს დამკვეთის ვინაობა და კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია, ცდომილების მარჟა, პერიოდი და ა.შ., თუმცა, ამ რეკომენდაციაში არ არის საუბარი იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებსაც GNCC მაუწყებელებს უყენებს, მაგალითად – მაუწყებლის მიერ კვლევის სანდოობის ობიექტუროების გადამოწმებას.

მამუკა ანდღულაძის თქმით, 2016 წელს GNCC-მ პირველად შექმნა პრეცედენტი, როდესაც რუსთავი 2-ის მიერ ჩატარებულ საარჩევნო კვლევის სანდოობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით დაიწყო დავა.

საქმე ეხებოდა რუსთავი 2-ის მიერ დაკვეთით GFK-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევას.  GNCC-ს მაშინ შალვა რამიშვილმა მიმართა და თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში გამოვლინდა “GFK”-ის მიერ სოციალური კვლევის გაყალბების სავარაუდო ფაქტი. GNCC-იმ თავის მხრივ მიმართა “რუსთავი 2-ს”  GFK-ს, ჟურნალისტ შალვა რამიშვილს და საკითხის შესწავლის მიზნით საქმესთან არსებული დოკუმენტაცია გამოითხოვა.

რუსთავი 2-ის წარმომადგენელმა, თამთა მურადაშვილმა განაცხადა, რომ GNCC-ის ამ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა და, შესაბამისად, ახლა სწორედ ამიტომ ცვლიან კანონს:

“დღემდე, კომისიას გადაწყვეტილება არ მიუღია, შეუძლებელი იყო ამ კანონის ასეთი მახინჯი ინტერპრეტაცია, როგორც კომისას სურდა. ახლა მოიფიქრეს, რომ კანონმდებლობა შეცვალონ და ასე მოაგვარონ ეს პრობლემა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის სრულიად გაუმართლებელი და გულისხმობს იმას, რომ მაუწყებელმა თვითცენზურა განახორციელოს და თავი შეიკავოს საარჩევნო კვლევისგან, რაც თავის მხრივ აზარალებს მედიაგარემოს და წინასაარჩევნო პერიოდსაც,”- ამბობს მურადაშვილი.

საიას იურისტი, ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს მოცემული რედაქციით არც ისინი ემხრობიან და არ  გამორიცხავს, რომ ალტერნატიული წინადადებები წარადგინონ.

როგორ უნდა გადამოწმდეს, ჩაატარებს თუ არა მაუწყებელი კვლევას ობიექტურად?

ეს კითხვა 7 ნოემბერს გამართულ დისკუსიაზე არაერთხელ დასვეს.

“თუ ეს დაკავშირებულია რესპონდენტის ვინაობის გამჟღავნებასთან, ირღვევა მთელი რიგი კანონები და ეთიკა. ჩვენ სართაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით არასდროს არ ვეკითხებოდით რესპონდენტებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მოგვცემდა მისი ხელახლა იდენტიფიცირების საშუალებას. ყველა გზას ვხმარობთ, რომ ეს ინფორმაცია არავისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი,”- განაცხადა კვლევითი ორგანიზაცია CRRC-ის საქართველოს დირექტორმა კობა თურმანიძემ 7 ნოემბერს გამართულ დისკუსიაზე.

გარდა ამისა, კობა თურმანიძე კანონპროექტში სხვა საფრთხეებსაც ხედავს. მისი თქმით, არა მარტო წინასაარჩევნო კვლევა, არამედ საზოგადოებრივი განწყობების სხვა კვლევების შედეგების გამოქვეყნებაც, თუკი ის ხელისუფლებისთვის არასახარბიელო აღმოჩნდება, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

“რატომ არის აქცენტი წინასაარჩევნო კვლევებზე? იმიტომ, რომ ეს არის მტკივნეული საკითხი ხელისუფლებისთვის, მაგრამ არის არანაკლებ მტკივნეული ბევრი საკითხი, რომელიც კვლევას და კვლევის შედეგებს უკავშირდება. ეს ეხება ნებისმიერ საჯარო პოლიტიკის საკითხს, რომლის ისე წარმოჩენა, რომელიც ხელისუფლებას შეიძლება არ მოეწონოს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გარკვეულ ხარჯებთან, გარკვეულ არასასურველ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან, მას არ მოეჩვენოს სანდოდ და ამაზეც გავრცელდეს გადამოწმების ვალდებულება. პრინციპში, თითქოს ეს პატარა და უმტკივნეულო ინიციატივა შეიძლება გადაიზარდოს ძალიან დიდ მოვლენაში, რომელიც იქნება მთლიანად კვლევის თავისუფლების შეზღუდვა,”- ამბობს კობა თურმანიძე.

TI-ის წარმომადგენლის, მამუკა ანდღულაძის განცხადებით, კანონპროექტში არ არის საუბარი, თუ რა მექანიზმებით უნდა გადამოწმდეს კვლევის სანდოობა და ობიექტურობა. მისივე თქმით, ამ საკითხისადმი მიძღვნილ დახურულ შეხვედრებზე, სადაც კომისიაც მონაწილეობდა, მოწვეული ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ სანდოობა და ობიექტურობა კომისიას უნდა გადაემოწმებინა. მისივე თქმით, იყო საუბარი იმის შესახებაც, რომ გადამოწმების პროცესში გახსნილიყო კვლევის სრული მონაცემები, რომლებიც მოიცავს რესპონდენტების პერსონალურ ინფორმაციასაც.

რუსთავი 2-ის წარმომადგენლის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, GNCC-ს რუსთავი 2-ის საქმის განხილვისას ჰქონდა პოზიცია, რომ გადამოწმება მომხდარიყო აუდიტის აუდიტის პრინციპით და ეს თავად მაუწყებლებს განეხორციელებინათ.

“ასეთი ახსნა ჰქოდა მაშინ კომისიას, რომ როგორც სამშენებლო კომპანიაბი აკეთებენ აუდიტის აუდიტის აუდიტს, ასე უნდა გადავამოწმოთ. თან ითხოვდნენ, რომ თვითონ მაუწყებელმა გადაამოწმოსო. წინასაარჩევნო კვლევაში მაუწყებლის ჩარევა თავის მხრივ, ცუდია, არ შეიძლება ჩაერიოს. დათქმა გვაქვს, რომ არ უნდა იყოს მანიპულაცია, პირიქით, გაზრდის არასანდოობის ხარისხს. ამიტომ, მაუწყებლის ვალდებულებაა, დაიქირავოს ისეთი კომპანია, რომელიც არის მაღალი რეპუტაციის მქონე, აქვს კარგი გამოცდილება ამგვარ საკითხებში, მიჰყვება ამ დარგში თავის პროფესიულ სტანდარტებს. შესაბამისად, ამის გარდა მაუწყებელს სხვა ბერკეტი არ გააჩნია,”- განაცხადა მურადაშვილმა.

GNCC-ის პოზიცია

თუ როგორ და ვინ უნდა გააკონტროლოს, იქნება თუ არა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ობიექტურად და სანდოდ ჩატარებული – ამ და სხვა კითხვებით GNCC-ს წერილობით მივმართეთ.

9 ნოემბერს მათ მოგვწერეს პასუხი, რომ მაუწყებლის მიერ კვლევის ობიექტურობის გადამოწმების შესაძლებლობას საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგია იძლევა. GNCC კი სანდოობისა და ობიქტურობის გადასამოწმებლად აუდიტორული ორგანიზაციას დაქირავებას გეგმავს:

“კვლევის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგია იძლევა შესაძლებლობას, როგორც დამკვეთი, ისე შემსრულებელი ორგანიზაციისათვის, გადამოწმდეს კვლევის შედეგების ობიექტურობა. ამასთან, მაუწყებელმა ამ მიზნის მისაღწევად შესაძლებელია მიმართოს სხვადასხვა ხერხს, რაც კონკრეტული მაუწყებლის მენეჯმენტის გადასაწყვეტია.

რაც შეეხება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კვლევის გადამოწმების საკითხს, აღნიშნული განხორციელდება კონკრეტული საქმისწარმოების ფარგლებში. აუდიტისთვის შერჩეული იქნება ამ სფეროში აღიარებული ორგანიზაცია (შედეგების ობიექტურობის გადამოწმების მიზნით). ამასთანავე, გაცნობებთ, რომ კომისიაში წლების მანძიზლზე დაცული იყო და დღესაც დაცულია მთელი რიგი კონფიდენციალური და პერსონალური მოაცემებისა, რომლის გასაჯაროებისაგან დაცვა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს,”- განაცხადა GNCC-იმ.

რუსთავი 2-თან საუბრისას GNCC-ის აუდიო-ვიზუალური მედიარეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ივანე მახარაძემ დაადასტურა, რომ ეს საკითხი რუსთავი 2-ის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ კვლევას მოჰყვა.

“დამკვეთი მაუწყებელი, როგორც ორგანიზაცია, რომელიც უკვეთავს კონკრეტულ კვლევით ორგანიზაციას საზოაგდოებრივი აზრის კვლევას და მინდა განვმარტო, რომ ეს ვალდებუოება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში მუშაობს, ვალდებულია იქონიოს შესაბამისი მექანიზმები, რათა საჩივრის შემთხვევაში შეძლოს კონრეტული მექანიზმებით გადამოწმება,”- განაცხადა ივანე მახარაძემ.

GNCC-მ 3 ნოემბრს გამოქვეყნებულ წერილში ასევე უპასუხა საერთაშორისო გამჭვირველობა – საქართველოს კრიტიკას. პასუხიდან ირკვევა, რომ არასამთავრობოები და GNCC კანონს სრულიად სხვაგვარად კითხულობენ.

“საქართველოს ორგანული კანონი, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოქმედი რედაქციით განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მისი გამოქვეყნების მიმართ მოთხოვნებს, რომელთა დაცვა ეკისრება მაუწყებლებს და სხვა ელექტრონულ და ბეჭდვით მედიას. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა, რომ მაუწყებლები არ იცავდნენ აღნიშნულ მოთხოვნებს, საკანონმდებლო დანაწესების განსხვავებულად ინტერპრეტაციისა და აღქმის გამო. ამასთანავე, მაუწყებლები უთითებდნენ  იმ გარემოებაზე, რომ მათ არ გააჩნიათ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების რესურსი. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა მაუწყებლებზე დაკისრებული ვალდებულებების გადახედვის აუცილებლობა,”- აცხადებს GNCC.

GNCC აცხადებს, რომ დღეს მოქმედი კოდექსი ცალსახად უდგენს მაუწყებლებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებთან დაკავშირებით სხვადასხვა ვალდებულებას, რომელშიც ასევე შედის ის, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ და არ უნდა ხდებოდეს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.

GNCC-ის განცხადებით,  კანონით გათვალისწინებული ეს ვალდებულება დღეს ვრცელდება ყველა მაუწყებელზე, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევებს გააშუქებს, პარლამენტში შეტანილი ინიციატივით კი პირიქით – შეამსუბუქეს მაუწყებლების მოვალეობები და ისინი გაათავისუფლეს სანდოობის გადამიწმების ვალდებულებისგან იმ შემთხვევაში, თუ თავად არ წარმოადგენდნენ  კვლევის დამკვეთ ორგანიზაციას.