კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ წარმატებულად შეაფასა. მისი თქმით, განსახილველ საკითხებს შორის იყოს ISAF–ის მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის საკითხი, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და მიმდინარე პოლიტიკური კოჰაბიტაცია.
“ყველამ აღნიშნა, რომ ნატოსა და საქართველოს შორის ნდობის ხარისხი ამაღლებულია. საქართველო და ნატო დღეს ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან”, – განაცხადა მან.
კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, რომლის განცხადებითაც, შეხვედრაზე ძირითადად საუბარი მიმდინარეობდა პრემიერ–მინისტრსა და NAC–ის წარმომადგნლებს შორის. პეტრიაშვილის მტკიცებით, NAC–ის წარმომადგნლებს არ გამოუთქვამთ ეჭვები იმის შესახებ, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი არსებობს.
“შემდგომში, როდესაც NAC–ის წევრების მხრიდან გაკეთდა განცხადებები და დაისვა შეკითხვები, მათ პრემიერ–მინისტრმა თავადვე უპასუხა. ასე რომ, ეს იყო შეხვედრა პრემიერ–მინისტრსა და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს შორის. მისი გამოსვლა ერთხმად აღინიშნა, რომ იყო ძალიან ამომწურავი და ძალიან ბევრს კითხვის დასმის სურვილიც კი აღარ ჰქონდა იმდენად ყოველისმომცველი იყო. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტუმრებზე. იმედია, რომ მომავალი შეხვედრებიც ასეთი წარმატებული, ეფექტური და ნაყოფიერი იქნება ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთვის.”
კომისიის სხდომაზე 17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენებიც განიხილეს.
“მათ მისცეს მაღალი შეფასება საქართველოს პრემიერის მტკიცე პოზიციას და მკაცრ განცხადებას ამ საკითხზე. ერთხმად იყო აღნიშნული ამ განცხადების მნიშვნელობა, რაც მათ აძლევთ ძალიან მყარ გარანტიას იმისა, რომ საქართველოში მომავალშიც იქნება უზრუნველყოფილი ადამიანის ძირითადი უფლებები, ყველას მიმართ განურჩევლად მათი რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა. ყველასთვის თანაბრად იქნება უზრუნველყოფილი უფლებები. კანონის წინაშეც ყველა იქნება თანაბარი”, – განაცხადა პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეომუქარის საკითხი სხდომაზე არ განხილულა.
კომისიის სხდომას ესწრებოდა ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატო გამოხატავს ღრმა პატივისცემას იმის გამო, რასაც საქართველო აკეთებს ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმის პრევენციის კუთხით. მან რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნატო არა მხოლოდ სამხედრო ალიანსი, არამედ ღირებულებების გაერთიანებაცაა, ამიტომ ნატოს სურს საქართველოსაგან, რომ ალიანსის სტანდარტების შესაბამისობაში მოვიდეს. მისი თქმით, საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.
“ეს არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მესამე ვიზიტი საქართველოში. მე არ ვფიქრობ, რომ NAC რომელიმე ქვეყანაში დროის ასეთ მცირე პერიოდში ასეთი ინტენსივობით ჩასულიყო. ეს არის ნათელი ნიშანი საქართველოსადმი ნატოს პარტნიორობის ერთგულების”, – განაცხადა მან.
ნატო–საქართველოს კომისიის სხდომას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ბიძინა ივანიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი, ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე და ნატოში საქართველოს ელჩი გეგა მგალობლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ NAC საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, ამის შემდეგ მათი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რის შემდეგაც ნატო–საქართველოს კომისია ჩატარდა. რასმუსენმა ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან.
