2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც პარტიების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრების დანიშვნასა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესს ეხება.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საარჩევნო კომისიაში იმ პარტიებს ეყოლებათ წევრები, რომლებიც მოიპოვებენ საპარლამენტო მანდატს, ხოლო კომისიაში ამიერიდან შვიდის ნაცვლად ექვსი პარტიული წევრი იქნება. მთლიანობაში ცესკოს წევრების რაოდენობა 13-დან 12-მდე მცირდება და 12-დან 6 წევრი პარტიების მიერ იქნება დანიშნული.
მომდევნო არჩევნებისთვის ცესკოს კომისიაში დასანიშნი ექვსი პარტიული წევრიდან 3 მმართველ პოლიტიკურ გუნდს ეყოლება, ხოლო თითო-თითო წევრით იქნება წარმოდგენილი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და პატრიოტთა ალიანსი. აქამდე ქართულ ოცნებას კომისიაში ერთი წევრი ჰყავდა.
[red_box]ძველი რედაქციით, ცესკოში პარტიებისთვის გამოყოფილი 7 წევრი ივსებოდა შემდეგნაირად: თითო წევრს ის პოლიტიკური გაერთიანებები ნიშნავდნენ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდნენ დაფინანსებას.[/red_box]
[red_box]აქამდე, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პარტიების რაოდენობა 7-ზე მეტი იყო, თითო წევრს 7 სხვებზე მეტი დაფინანსების მიმღები პარტია ნიშნავდა, ხოლო თუ რამდენიმე პარტიას ჰქონდა თანაბარი დაფინანსება, უპირატესობა არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას ენიჭებოდა. ასევე, თუ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული რამდენიმე პარტია თანაბარად ფინანსდებოდა, უპირატესობა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ მყოფ პარტიას ენიჭებოდა.[/red_box]
[red_box]საარჩევნო კოდექსის ძველი რედაქციით, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პარტიების რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდებოდა, ის 7-მდე ივსებოდა არჩევნებში მათი მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე იმ პარტიებით (მიღებული ხმების კლების მიხედვით დადგენილი რიგითობის შესაბამისად), რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ არჩევნებში ან გაერთიანებული იყვნენ საარჩევნო ბლოკში და ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყვნენ (თუ პირველად დასახელებული პარტიამკომისიის წევრის დანიშვნაზე უარს აცხადებდა, ეს უფლება მეორეზე გადადიოდა და ა. შ.), ოღონდ იმ პირობით, რომ მათ მიღებული უნდა ჰქონოდათ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 3 პროცენტზე მეტი. თუ ამის შემდეგაც კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიათა რაოდენობა 7-მდე ვერ შეივსებოდა, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პარტიებს მათი შედეგების შესაბამისად უფლება ჰქონდათ, დამატებით დაენიშნათ კომისიის კიდევ თითო წევრი რაოდენობის 7-მდე შესავსებად.[/red_box]
[red_box]ძველი რედაქციით, პარტიისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტისას ან სხვა პარტიის მიერ უფრო მეტი დაფინანსების მიღებისას ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების გამოცემის მომდევნო დღიდან უფლებამოსილება უწყდებოდა პარტიის მიერ დანიშნულ კომისიის წევრს და კომისიის წევრთა რაოდენობა 7-მდე ივსებოდა მეტი დაფინანსების მიმღები პარტიის (პარტიების) წარმომადგენლით, ხოლო თუ ასეთი პარტია არ არსებობდა ან თუ ეს პარტია (პარტიებმა) უარს აცხადებდა (აცხადებდნენ) კომისიის წევრის დანიშვნაზე, ის 7-მდე ივსებოდა არჩევნებში მათი მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე იმ პარტიებით.[/red_box]
20 ივლისს საარჩევნო კოდექსში ამ ცვლილებებს ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა. საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებდა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორიც. როგორც სხვა შემთხვევებში, პრეზიდენტის ვეტო მმართველმა გუნდმა მალევე დაძლია და საბოლოოდ საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო.