საჩივრების განხილვა სანქციების გარეშე – ISFED -ის შეფასება

„სამართლიანმა არჩევნებმა“ თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის, ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 194 საჩივარი წარადგინა.  ორგანიზაცია მიიჩნვს, რომ საჩივრების განხილვისას საოლქო კომისიები ცდილობდნენ საუბნო კომისიის წევრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის თავი აერიდებინათ.

წარდგენილი საჩივრებიდან 42 საჩივარი დაკმაყოფილდა, 30 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 80 არ დაკმაყოფილდა და 6 საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. საჩივრები, რომლითაც მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის ადმინსიტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება, ჯერ ისევ განხილვის ეტაპზეა.

“საჩივრების უმეტესობაში დაყენებული იყო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პასუხისმგებლობის საკითხი მათ მიერ მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო. 33 საჩივრით მოთხოვნილი იყო კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა, საიდანაც არცერთი დაკმაყოფილდა. აღნიშნული მოთხოვნები დაყენებულ იქნა ძირითადად ისეთ შემთხვევებში, რა დროსაც შემაჯამებელი ოქმში გადასწორებულია მონაცემები; არ დგება ბალანსი, კერძოდ, სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას”,- ნათქვამია განცხადებაში.
“წარდგენილი საჩივრებიდან 48 ეხება შემაჯამებელი ოქმების არასათანადოდ შევსებას, როდესაც ოქმში არასწორადაა ან საერთოდ არაა მითითებული სათანადო რეკვიზიტი, მაგალითად, ოქმის შედგენის თარიღი და დრო, კომისიის ბეჭდის ნომერი და სხვა; 15 საჩივარი ეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას, ხოლო 8 საჩივარი – შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადაკეთებას/გადასწორებას”,- ნათქვამია განცხადებაში.
საჩივრების განხილვისას ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ საჩივრების განხილვას და დაეფიქსირებიათ პოზიცია წარდგენილ საჩივრებზე. საჩივრების განხილვის პროცესში გამოვლინდა რიგი პრობლემები:

[checklist]

[/checklist]

“ზოგადი ტენდენციის სახით გამოიკვეთა, რომ საოლქო კომისიები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ნებისმიერი არგუმენტის გამოყენებით, თავი აერიდებინათ არათუ კენჭისყრის შედეგების გადასინჯვისთვის, არამედ საუბნო კომისიის წევრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვისაც. ამას კარგად ადასტურებს ფაქტი, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარდგენილი საჩივრების უმეტესობა არ დაკმაყოფილდა, რაც განსხვავდება წარსულში საჩივრების განხილვის სურათისგან.
სრულად მიუღებელია საარჩევნო ადმინისტრაციის მსგავსი მიდგომა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების მიმართ. ნებისმიერი სახის დარღვევის ახსნა-განმარტებით გამართლება და ახსნა-განმარტების საფუძველზე აღმოფხვრილად მიჩნევა აკნინებს საარჩევნო კანონმდებლობისა და გათვალისწინებული სანქციების არსებობას. მსგავსი პრაქტიკა ხელს უწობს, ასევე, მომავალში საუბნო კომისიის წევრების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის უგულებელყოფას”,- ნათქვამია განცხადებაში