სასჯელაღსრულების სამინისტროს განმარტება მერაბიშვილის შესაძლო ვადამდე გათავისუფლებაზე

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის კანონით განსაზღვრული ვადა. შესაბამისად, როგორც უწყებაში აცხადებენ, ყოფილი პრემიერის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს.

სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ვადამდე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

“აღნიშნული ვადა დამოკიდებულია პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიაზე, კერძოდ: ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს მოსახდელი სასჯელის არანაკლებ ნახევარი, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში – არანაკლებ ორი მესამედი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში – არანაკლებ სამი მეოთხედი. აღნიშნული ვადის მოხდის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს,” – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, ადგილობრივი საბჭო თვის დასაწყისში მიღებულ შუამდგომლობებს განიხილავს შემდეგი თვის ხუთ რიცხვამდე. კანონით განსაზღვრულია, რომ საბჭო ყველა შესულ შუამდგომლობას სავალდებულო წესით იხილავს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი შესაძლებელია პირობით ვადამდე გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ამის შესახევბ ნეტგაზეთი ყოფილი პრემიერის ყოფილ ადვოკატს და ამჟამად საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ოთო კახიძეს ესაუბრა. როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდრი ამბობს, საქართველოს საკანონმდებლო მექანიზმით, ყოფილ პრემიერს ისედაც ეხება პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლება, რაც არ არის ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

რას ამბობს კანონი პატიმრის ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე?

პატიმრობის კოდექსის მიხედვით, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

კოდექსის მიხედვით, მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73- ე მუხლის მე -3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

[red_box]რისთვის იხდის სასჯელს ვანო მერაბიშვილი?[/red_box]

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. ის რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებული, მათ შორის, ყველაზე მაღალი სასჯელი პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე აქვს.

ვანო მერაბიშვილი მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ გზით ის, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ჩამოაშორა პოლიტიკურ პროცესებს და შესაძლებლობა არ მისცა, მონაწილეობა მიეღო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.