“ბირჟა მაფიის” წევრი და EMC საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” ცნობით, სარჩელით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩხრეკის მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ. სარჩელი შეტანილია გიორგი ქებურიას სახელით, რომელიც “ბირჟა მაფიის“ საქმის ერთ-ერთი ბრალდებულია.

EMC აცხადებს, რომ კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის ჩხრეკის ჩატარება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რაც სისხლის სამართლის საქმეთა, განსაკუთრებით კი, ნარკოტიკული დანაშაულების გამოძიებისას დაშვებულ პრაქტიკას წარმოადგენს.

მათივე ცნობით, შეისწავლეს რამდენიმე გახმაურებული საქმე ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით.  ყველა შესწავლილი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა ერთგვაროვანი სამართლებრივი ხარვეზები, რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს ამ საქმეებში პოლიციის მოქმედების კანონიერების და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებასთან დაკავშირებით.

ბირჟა მაფიის საქმეში, ისევე როგორც EMC-ის მიერ შესწავლილ ყველა საქმეში, ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლო ნებართვის გარეშე, მხოლოდ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. თუმცა ყველა საქმეში სასამართლომ კანონიერად ცნო ჩატარებული ჩხრეკა.

EMC-ის ინფორმაციით, მათ საკონსტიტუციო სარჩელში ეს გარემოებები აჩვენებს ნათლად გასაჩივრებული დებულებების არაკონსტიტუციურობას:

[checklist]

[/checklist]

EMC-ის და გიორგი ქებურიას საკონსტიტუციო სარჩელით გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული ნორმები, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან (დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს) და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით (ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს; დაცვის უფლება გარანტირებულია).