როგორ გამოიყენებენ უპატრონო გვამებს სამეცნიერო მიზნებისთვის – კანონპროექტი

ხარვეზი, რის გამოც სამეცნიერო დაწესებულებები უპატრონო გვამებს სამეცნიერო და სამედიცინო კვლევებისთვის ვერ იყენებდნენ, გასწორდება – შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ბურომ 30 ოქტომბერს დაარეგისტრირა.

კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტარები: აკაკი ზოიძე, კობა ნარჩემაშვილი და ლევან კობერიძე.

ავტორების განმარტებით, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში არსებული ხარვეზი შეუძლებელს ხდის სასწავლო და კვლევის მიზნით გვამებისა და გვამური მასალის გამოყენებას. შესაბამისად, ამიტომ შემუშავდა ახალი კანონპროექტი.

მათივე ცნობით, 2007 წლიდან იყო რეგულაციები სასწავლო/სამეცნიერო კვლევის მიზნით უპატრონო გვამების გამოყენების შესახებ, თუმცა ამ ნორმის ამოქმედებისთვის  საკმარისი და სათანადო სამართლებრივი მექანიზმები დღემდე არ არსებობს.

კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში წერენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სტუდენტებს გვამთან მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რადგანაც ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მიუხედავად, მაინც ვერ აღიქვამენ სხეულის აგებულების თავისებურებას, ელასტიკურობას, ტონუსს, სიმყიფეს, ბიოლოგიური ქსოვილის რღვევის სპეციფიკას და, შესაბამისად, ვერ აღიქვამენ სიცოცხლის, სიკვდილისა და კვდომის ფენომენს.

“მხოლოდ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ცოდნა მომავალში შეიძლება პაციენტის უსაფრთხოებაზე და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე აისახოს. ამიტომ გვამური მასალის გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინვაზიური, ქირურგიული პროცედურების სწავლების პროცესში,”- ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

აქვე საუბარია, რომ ევროპის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში გვამის მოპოვების ძირითადი – 80 % -მდე წყარო დონაციაა, ხოლო უპატრონო ან/და ამოუცნობ გვამს სასწავლო მიზნებისათვის იყენებენ აშშ–ის ზოგიერთ შტატში – ილინოისში, მერილენდში, ნიუ–იორკში, ევროპის ქვეყნებში – ავსტრიაში, იტალიაში, რუმინეთში და ა.შ.

კანონპროექტით “უპატრონო გვამი” შემდეგნაირად არის განსაზღვრული – “გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა (მოძიება) და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო, ან გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირი დადგენილია (მოძიებულია), მაგრამ ეს პირი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე“.

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონპროექტის შესაბამისად, სასწავლო-სამედიცინო მიზნებისთვის უპატრონო გვამის გამოყენება შემდეგნაირად მოწესრიგდება:

[checklist]

 

[/checklist]

ასევე, ცვლილება შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. კერძოდ, 128-ე მუხლს ემატება მე-4 პუნქტი, რომლის თანახმადაც:

“ამოუცნობი ან უპატრონო გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გადაცემა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებისთვის, აგრეთვე სამედიცინო ან/და საექსპერტო დაწესებულებისთვის ხორციელდება პროკურორის ნებართვით, რომელიც აღსასრულებლად გადაეცემა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს”.

კანონპროექტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.