თბილისის ახლად არჩეული მერი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე გამოეხმაურა გურამ კაშიას მხარდაჭერას ლგბტ ადამიანებისადმი და განაცხადა, რომ არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის გამო.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა გურამ კაშიას ნაბიჯს და მიაჩნია თუ არა, რომ ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო, კალაძემ ასე უპასუხა:

“მე არ ვიცი, ვინ რა განცხადებები გააკეთა. თუმცა ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული, ეს არის მისასალმებელი. გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები”, -განაცხადა კახი კალაძემ.

ორი კვირის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ჰოლანდიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში დაწყებული კამპანიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სპორტი უნდა იყოს ყველასათვის, მიუხედავად კულტურული ფონისა, კანის ფერის, რასის, სექსუალური ორიენტაციისა თუ რელიგიისა. ერედივიზიონის განცხადებით, ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ან იყოს გულშემატკივარი მისი საყვარელი სპორტის სახეობის.

გურამ კაშიას ჩართულობას ლგბტ ადამიანების უფლებების მხარდამჭერ კამპანიაში მიესალმებიან საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები. თანასწორობის მოძრაობა დადებითად აფასებს კაპიტნის მხარდამჭერ, გაბედულ ნაბიჯს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი ჟესტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფეხბურთის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი დაფიქრდეს, უფრო მეტად მნიშვნელოვანი კი საქართველოშია, სადაც ჰომოფობიური განწყობები განსაკუთრებით ძლიერია.

Published by მიშა მეფარიშვილი

მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Exit mobile version